Thumbnail

ვარაუდი გამართლდა - კრიშტიანო რონალდო ალ-ნასრის ფეხბურთელია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • კრიშტიანო რონალდომ ალ-ნასრთან კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა
  • პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ევროპის მიღმა პირველად ითამაშებს

კრიშტიანო რონალდოს სატრანსფერო საგა დასრულებულია - ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი საუდის არაბეთში გადაბარგდა და ალ-ნასრის რიგებში ითამაშებს.

37 წლის პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა აზიურ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა და მისი ხელფასი წელიწადში 200 მილიონი ევრო იქნება. ამგვარად, რონალდო საუდის არაბეთის ჩემპიონატში ითამაშებს, სადაც მისი ახალი გუნდი 10 ტურის შემდეგ 23 ქულით მე-2 ადგილზეა და მხოლოდ ალ-შაბაბს ჩამორჩება.

ალ-ნასრის მთავარი მწვრთნელი ცნობილი ფრანგი სპეციალისტი რუდი გარსიაა და არც ცნობილი ფეხბურთელების ნაკლებობას უჩივის. მაგალითად, საუდის არაბეთის კლუბში თამაშობენ ბრაზილიელები ტალისკა და ლუის გუსტავო, კამერუნელი თავდამსხმელი ვინსენ აბუბაკარი და კოლუმბიელი მეკარე დავიდ ოსპინა.

კრიშტიანო რონალდომ კარიერა ლისაბონის სპორტინგში დაიწყო (31 მატჩი, 5 გოლი), შემდეგ მანჩესტერში ითამაშა, სადაც 2003-2009 და 2021-2022 წლები გაატარა (346 მატჩი, 145 გოლი), ყველაზე წარმატებული პერიოდი მადრიდის რეალში ჰქონდა (438 მატჩი, 450 გოლი), ტურინის იუვენტუსში კი 3 სეზონი გაატარა (134 მატჩი, 101 გოლი). CR7 2003 წლიდან პორტუგალიის ნაკრების წევრია, რომლის მაისურით 196 თამაშში 118 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები