Thumbnail

დანა უაითმა ახალი წლის ღამეს ცოლი სცემა, ახლა კი ბოდიშს იხდის

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • დანა და ანა უაითებს შორის ფიზიკური კონფლიქტი მექსიკაში მოხდა
  • UFC-ის პრეზიდენტის თქმით, მის საქციელს გამართლება არ აქვს

სოციალურ ქსელებსა და მსოფლიო მედიაში გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ ურტყამს ხელს UFC-ის პრეზიდენტი დანა უაითი თავის ცოლს, ანას, ახალი წლის საღამოზე. ვიდეოში, რომელიც მექსიკის ერთ-ერთ კლუბშია გადაღებული ჩანს, რომ ჯერ უაითს გაარტყამს ცოლი სახეში, შემდეგ დანა აკეთებს იმავეს. რამდენჯერმე.

როგორც UFC-ის პრეზიდენტმა და მისმა მეუღლემ TMZ-სთან საუბარში განაცხადეს, ძალადობის ფაქტის დროს ორივე მათგანი მთვრალი იყო, ამბავი კარგად არ ახსოვთ, თუმცა მათ შორის კონფლიქტი სრულად ამოიწურა და ერთად დასვენებას განაგრძობენ.

"წლების მანძილზე ვამბობ, არასდროს არაფერი ამართლებს კაცს, რომელიც ქალზე ხელს აწევს. ახლა მსგავს შემთხვევაზე ლაპარაკი თავად მიწევს. მე და ჩემი ცოლი თითქმის 30 წელია დაქორწინებულები ვართ, ერთმანეთს 12 წლის ასაკიდან ვიცნობთ, ერთად ძალიან ბევრი რამ გამოვიარეთ, 3 შვილი გვყავს. ინციდენტის შემდეგ შინ დავბრუნდით და ერთმანეთს ბოდიში მოვუხადეთ. როცა ვიდეო გასაჯაროვდა, შვილებს ვაჩვენეთ და ყველაფერი ავუხსენით. ორივე ჩვენგანისთვის მთავარი ოჯახია, ხალხი ბევრს ილაპარაკებს და ჩემთან მიმართებით მათი უდიდესი ნაწილი მართალი იქნება, მაგრამ ჩვენი მთავარი საზრუნავი ახლა ოჯახია. არ ვიცი, რატომ მოხდა ის, რაც მოხდა, მე და ჩემი ცოლი საუკეთესო მეგობრები ვართ, ერთმანეთი ძალიან გვიყვარს, ბევრი ალკოჰოლი გვქონდა მიღებული, თუმცა ეს ჩემ მიერ ჩადენილ საქციელს არ ამართლებს," - განაცხადა დანამ. 

ანას თქმით, მსგავსი ფაქტი აქამდე არასდროს მომხდარა და ის, რაც ვიდეოში ჩანდა, ამბის დასაწყისი და დასასრული გახლდათ. 

53 წლის დანა უაითი ძალისმიერ სპორტში 1980-იან წლებში ჩაერთო. თავიდან პროფესიონალი მოკრივე გახლდათ, შემდეგ საკუთარი დარბაზი გახსნა, კრივის პრომოუტერიც იყო. UFC-ის პრეზიდენტი 2001 წელს გახდა და ორგანიზაციას მას შემდეგ ხელმძღვანელობს. "ფორბსის" მიხედვით, 2019 წელს უაითი ქონება, დაახლოებით, 500 მილიონ დოლარს შეადგენდა. დონალდ ტრამპის მხარდამჭერი დანასთვის სკანდალები უცხო არ არის, არც მეუღლის ერთგულებით გამოირჩევა. განსაკუთრებით ცნობილი 2014 წლის შემთხვევა გახლდათ - მაშინ UFC-ის ბოსის ეროტიკული ვიდეო გავრცელდა, რომელსაც სასამართლო პროცესი და დიდი სკანდალი მოჰყვა. 

კომენტარები

ბოლო ამბები