Thumbnail

ტრაგედია იუტას მთებში: დრიფტის მეფე კენ ბლოკი დაიღუპა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ავტოსპორტის სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი ლეგენდა დაიღუპა
  • რალისა და დრიფტის ამერიკელი სუპერვარსკვლავი კენ ბლოკი გარდაიცვალა
  • 55 წლის კენს საბედისწერო ავარია იუტას მთებში, თოვლმავალით მოუვიდა

2023 წელი ავტოსპორტის, განსაკუთრებით კი რალისა და დრიფტის სამყაროსთვის საშინელი ამბით დაიწყო: დრიფტის მეფე დაიღუპა!

კენ ბლოკი, ადამიანი, რომელიც ყველა დრიფტერისთვის ან დრიფტერობის მსურველისთვის მისაბაძი მაგალითია, რომელსაც ყველაზე გამბედავი და უშიშარი მოქმედებებისთვის აღმერთებდნენ, ტრაგიკული ავარიის შედეგად დაიღუპა. ლეგენდა 55 წლის იყო. ტრაგიკულ ავარიაში თოვლმავალით მოყვა.

“უდიდესი წუხილით უნდა გაცნობოთ, რომ კენ ბლოკი დღეს თოვლმავალით მომხდარი ავარიის შედეგად გარდაიცვალა,” - ვკითხულობთ მისი გუნდის, Hoonigan Racing-ის განცხადებაში, - კენი უდიდესი შემოქმედებით უნარით დაჯილდოებული ადამიანი იყო, კენი იყო პიონერი და იკონური ფიგურა. პირველ რიგში კი სამაგალითო ადამიანი, მამა და მეუღლე.”

ავარია იუტაში, უოსაჩ ქაუნთრიში მოხდა. პოლიციის განმარტებით, კენ ბლოკი თოვლმავალს ციცაფო ფერდობზე მართავდა. თოვლმავალი გადაყირავდა და კენს დაეცა. “კენ ბლოკი ავარიის ადგილზევე გარდაიცვალა,” - ვკითხულობთ განცხადებაში. ბლოკი ავარიის დროს მარტო არ იყო, ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა, მაგრამ თოვლმავალს მარტო მართავდა.

კენ ბლოკი (7,6 მილიონი ფოლოვერი ინსტაგრამზე, თითქმის 2 მილიონი გამომწერი YouTube-ზე) რალისა და დრიფრის უდიდეს რევოლუციონერადაა მიჩნეული. რალის კარიერა მან 2005 წელს, აშშ-ში დაიწყო და მალევე იქცა ავტომოყვარულებისთვის მისაბაძ ადამიანად. ის ავტოსპორტში გადასვლამდეც ექსტრემალური სპორტის სუპერვარსკვლავად მიიჩნეოდა.

ასპარეზობდა მოტოკროსში, სკეიტბორდინგში და სნოუბორდინგშიც. მოგვიანებით მან თავი მთლიანად მიუძღვნა ავტოსპორტს და დრიფტს. მის ვიდეოებს ასობით მილიონი ნახვა აქვს. ინსტაგრამზე მისი ბოლო პოსტები თოვლმობილებს ეძღვნება - ფოტოები იუტას მთებშია გადაღებული…

კომენტარები

ბოლო ამბები