Thumbnail

'ეს უბრალოდ გაქცევაა' - რუსი მსოფლიოს ჩემპიონი შვეიცარიის სახელით ითამაშებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • კოსტენიუკი იმ იშვიათ რუს სპორტსმენებს შორის იყო, ვინც უკრაინაში ომი დაგმო
  • ის ახალი დროშის ქვეშ 2024 წლიდან გამოვა და რუსები კომპენსაციასაც ვერ მიიღებენ

სახელოვანი რუსი მოჭადრაკე, მსოფლიოს მე-12 ჩემპიონი (2008-2010) ალეკსანდრა კოსტენიუკი მომავალი წლიდან შვეიცარიის სახელით ითამაშებს. ამ ინფორმაციას შვეიცარიის ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს.

ცნობისთვის, 38 წლის კოსტენიუკი სწორედ შვეიცარიაში იყო გათხოვილი და ამ ქვეყნის პასპორტიც 10 წელზე მეტია აქვს, ამდენად, ეს “გადაბარგება” სრულიად უმტკივნეულოდ განხორციელდება.

ალეკსანდრა კოსტენიუკმა ოქროს მედალი 2008 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოიპოვა, რომელმაც ქართველების ბოიკოტის ფონზე ჩაიარა

კოსტენიუკი იმ იშვიათ რუს სპორტსმენებს შორის იყო, რომელთაც უკრაინაში დაწყებული ომი დაგმეს, სხვა ქვეყნებში წასულთა რიგებში კი აშკარად ყველაზე სახელოვანია.

ალეკსანდრა შვეიცარიელთა სახელით 2024 წლის 1 იანვრიდან გამოვა. მას შეეძლო ახალი დროშის ქვეშ უკვე ამ წლიდან ეთამაშა, თუმცა, ამ შემთხვევაში, შვეიცარიის ფედერაციას 10 ათასი დოლარის გადახდა მოუწევდა, ასე კი, რუსები ევროპელთაგან ვერაფერს მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ კოსტენიუკს მსოფლიოს ჩემპიონატი მოგებული აქვს როგორც კლასიკურ ჭადრაკში, ასევე – რაპიდსა და ბლიცში, რუსეთის ნაკრების რიგებში ოლიმპიადების 3-გზის და ევროპის ჩემპიონატების 5-გზის გამარჯვებულია, 2004 წელს კი, ისტორიაში მხოლოდ მე-10 ქალი გახდა, ვისაც ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა.

გასაკვირი არ ყოფილა, რომ რუსებს ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი მოჭადრაკის წასვლა გულზე ძალიან მოხვდათ. ამას სახელმწიფო დუმის დეპუტატის სვეტლანა ჟუროვას კომენტარიც ადასტურებს.

“საუბარიც კი მიჭირს. ერთია, როდესაც ჩვენი სპორტსმენები სხვა ქვეყნებში დიდი კონკურენციის გამო მიდიოდნენ და აღნიშნული გასაგებიც გახლდათ, ეს კი, უბრალოდ გაქცევაა. მას ხომ შეეძლო ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის სახელით გამოსულიყო. ამიტომაც, დიახ, ის რუსეთიდან გაიქცა”. 

ერთი საინტერესო დეტალიც. კოსტენიუკმა მსოფლიოს ჩემპიონობა 2008 წლის აგვისტოში ნალჩიკში მოიპოვა, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომი სულ ახალი მომხდარი იყო. მაშინ ტურნირში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს საქართველოს ნაკრების წევრებმა. შესაბამისად, რუსეთში არ ჩავიდნენ მაია ჩიბურდანიძე, ლელა ჯავახიშვილი, მაია ლომინეიშვილი, ნინო ხურციძე, სოფიკო ხუხაშვილი და სოფიო გვეტაძე.

კომენტარები

ბოლო ამბები