- გრეგ ბერჰალტერი აშშ-ის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დროებით აღარაა
- სპეციალისტი 1991 წელს მომხდარი ამბის გამო საქმიანობას ჩამოაშორეს
- ინციდენტის შესახებ ფედერაციას ჯოვანი რეინას დედამ აცნობა
- მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია
აშშ-ის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გრეგ ბერჰალტერი საქმიანობას დროებით ჩამოშორდა, რისი მიზეზიც 1991 წელს, მომავალი მეუღლის მიმართ ჩადენილი ძალადობა გახლდათ. ამ ფაქტის შესახებ აშშ-ის ფეხბურთის ფედერაციას ნაკრების ნახევარმცველის, ჯოვანი რეინას დედამ შეატყობინა.
ბერჰალტერმა დანაშაული უკვე აღიარა. გრეგმა 31 წლის წინ მომხდარი ინციდენტი გაიხსენა: "მაშინ თინეიჯერები ვიყავით. ერთხელ, როცა ბარში ვსვამდით, მე და როზალინს კონფლიქტი მოგვივიდა, რომელიც გარეთ გაგრძელდა. კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადავიდა და მუხლში ფეხი ჩავარტყი. ჩადენილ საქციელს ვნანობ, ჩემს იმღამინდელ მოქმედებას არაფერი ამართლებს."
გრეგი და როზალინი ერთმანეთს მომხდარი ამბიდან 7 თვის შემდეგ შეხვდნენ, ურთიერთობა განაახლეს და 25 წელია ცოლ-ქმარი არიან. თუმცა, ფაქტი მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც ბერჰალტერმა ჯოვანი რეინა მკაცრად გააკრიტიკა, რასაც ფეხბურთელის შეურაცხმყოფელი განცხადებები (არა გრეგის მხრიდან) მოჰყვა, ამ ყველაფერმა, კი ჯოვანის დედა, დანიელე ძალიან გააბრაზა.
აშშ-ის ნაკრების ექსკაპიტანი კლაუდიო რეინას მეუღლემ და აშშ-ის ქალთა ნაკრების ყოფილმა წევრმა დანიელე რეინამ 31 წლის წინ მომხდარი ინციდენტის შესახებ ქვეყნის ეროვნული გუნდის სპორტულ დირექტორ ერნი სტიუარტს მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ უამბო. როგორც დანიელემ აღნიშნა, ის ძალიან გაბრაზებული იყო გრეგის კომენტარებით, რომელმაც ჯოვანის მასობრივი ბულინგი გამოიწვია. ფეხბურთელის დედამ თქვა, რომ ადამიანისგან, რომელსაც ათწლეულების მანძილზე მეგობრად მიიჩნევდა, მსგავს რაღაცას არ ელოდა.

"ერნის ვუთხარი, რომ გრეგი ჯოვანის უსამართლოდ მოექცა. 'ჯიომ' ბოდიში მოიხადა მცირე სათამაშო დროზე პროტესტის გამოთქმის გამო, მაგრამ ბერჰალტერმა მაინც ტალახში ამოსვარა. სტიუარტს იმიტომ ვესაუბრე, რომ მეთქვა, ჩემი შვილის ასაკში გრეგი გაცილებით უარესად იქცეოდა.
როზელინი ჩემი გუნდელი იყო, ერთ ოთახში ვცხოვრობდით. იმ საღამოს მიღებული ტრავმის გადატანა მისთვის ადვილი არ გახლდათ და მას წლების მანძილზე ვედექი გვერდით. დიდი დრო დამჭირდა გრეგის მისაღებად, იმისათვის, რომ მეპატიებინა. აღსანიშნავია, რომ საჯაროდ გაკეთებულ კომენტარში, ბერჰალტერმა თავისი მოქმედებები ძალიან უმნიშვნელოდ წარმოაჩინა, სინამდვილეში, ყველაფერი ასე მარტივად არ ყოფილა. საბოლოოდ, მათი ოჯახი და შვილები ჩემი ოჯახის დიდი ნაწილი გახდნენ. ველოდი, რომ ჯოვანის ოჯახის წევრივით მოექცეოდა," - განაცხადა 49 წლის დანიელე რეინამ.
ჯოვანის დედის თქმით, სტიუარტთან საუბრის დროს ფიქრობდა, რომ მათი დიალოგი კონფიდენციალური იქნებოდა და არ ელოდა, ამას გამოძიება თუ მოჰყვებოდა. თუმცა, ახლა აშშ-ის ფეხბურთის ფედერაციის მოთხოვნით ოფიციალური გამოძიება დაიწყო და მის დასრულებამდე გრეგ ბერჰალტერი ნაკრებს ჩამოშორდა.
კომენტარები