Thumbnail

ორი მარცხი სალონიკიში - საქართველოს ნაკრები ევროპის შესარჩევისთვის ემზადება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • საბერძნეთი 34:32 საქართველო
  • საბერძნეთი 26:24 საქართველო

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება, საბერძნეთში ორი ამხანაგური მატჩი გამართა. 

პირველ შეხვედრაში ტიტე კალანდაძის გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში 32:34 დათმო საბერძნეთის ნაკრებთან. თამაშში არც ერთ გუნდს არ ჰქონია დიდი უპირატესობა, ბერძნებმა ტაიმი 3 ბურთის სხვაობით მოიგეს. მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები ლიდერის, გიორგი ცხოვრებაძის, ასევე ნიკოლოზ კალანდაძის და გიორგი ლაპიაშვილის წყალობით უკეთ ათამაშდა. 

მეორე შეხვედრაც ანალოგიურად დაძაბული გამოდგა, მხოლოდ ბოლო წუთებზე შეძლეს მასპინძლებმა ოდნავ წინ გასვლა და საბოლოოდ 26:24 გამარჯვება. 

შეგახსენებთ, რომ ევროპირველობის საკვალიფიკაციო ციკლში  ტიტე კალანდაძის მიერ გაწვრთნილი ნაკრების მეტოქეები ლიეტუვა, შვეიცარია და უნგრეთი არიან. ოქტომბერში საქართველომ 2 მატჩი ჩაატარა და ორივე შემთხვევაში წააგო: ბერნში, შვეიცარიასთან – 23:24 და თბილისში, უნგრეთთან – 24:41. ქართველ ხელბურთელებ მომდევნო თამაშები მარტში ელით: შინ და სტუმრად ლიეტუვასთან. ჯგუფიდან ორი საუკეთესო ევროპის ჩემპიონატზე გადის, აგრეთვე 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი 8 ჯგუფიდან. ევრო 2024 10-28 იანვარს გერმანიაში გაიმართება და მასში მონაწილეობას 24 საუკეთესო ნაკრები მიიღებს.

კომენტარები

ბოლო ამბები