Thumbnail

ლორია და ებრალიძე უმწვრთნელოდ დარჩნენ - ანორთოსისმა ჩისკო გაუშვა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ანორთოსისმა ჩისკო მუნიოსი 12 მატჩის შემდეგ გაათავისუფლა
  • ესპანელს კვიპროსულ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე ჰქონდა

დინამო თბილისის ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი ჩისკო მუნიოსი ფამაგუსტას ანორთოსისმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა.

კვიპროსულმა გუნდმა ჩისკო მთავარ მწვრთნელად 2022 წლის ოქტომბერში დანიშნა. ესპანელის ხელმძღვანელობით ანორთოსისმა 12 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 3 მატჩი მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 7 შეხვედრა წააგო. ანორთოსისი 17 ტურის შემდეგ 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა.

ჩისკო ანორთოსისამდე ლა ლიგა 2-ში უესკას ავარჯიშებდა, რომელიც გასულ ზაფხულს დატოვა. მანამდე ის უოტფორდის თავკაცი იყო, რომელიც ჩემპიონშიპიდან პრემიერლიგაში გადაიყვანა და იქაც იმუშავა, თუმცა გასული სეზონის სტარტზე გაათავისუფლეს.

42 წლის სპეციალისტმა სამწვრთნელო კარიერა დინამო თბილისში დაიწყო, რომლის რიგებში საქართველოს ჩემპიონი გახდა. ფეხბურთელობისას ჩისკო დინამოში 2011-2015 წლებში ირჯებოდა და 129 თამაშში 79 გოლი გაიტანა. სხვადასხვა დროს ასევე იყო უელვას, ტენერიფეს, ვალენსიას, ბეტისის, ლევანტესა და ხიმნასტიკის წევრი.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ გაწვრთნის ანორთოსისში დარჩენილ ქართველ ფეხბურთელებს. შეგახსენებთ, რომ ავთო ებრალიძე და გიორგი ლორია ანორთოსისში თამაშობენ.

კომენტარები

ბოლო ამბები