Thumbnail

მეგა-კონცერნს ფორმულა 1-ში სურს! ლეგენდარული ამერიკული ბრენდით

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • “ჯენერალ მოტორსმა” ფორმულა 1-ისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა
  • FIA ანდრეტის გუნდს მოუთმენლად ელოდება

ორი აზრი არ არსებობს: თუ ეს მოლოდინი გამართლდა, ფორმულა 1 კიდევ უფრო საინტერესო გახდება.

დიდი ხანია, საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ამერიკულ საჯინიბო “ანდრეტი აუტოსპორტს”, რომელიც ყოფილ მრბოლელს, 60 წლის მაიკლ ანდრეტის ეკუთვნის, ფორმულა 1-ში შესვლა სურს. სიახლე ის არის, რომ ყოფილმა მრბოლელმა ძალიან მძლავრ პარტნიორთან თანამშრომლობა დაიწყო.

მეგა-კონცერნ “ჯენერალ მოტორსს” სურს, რომ ლეგენდარული ამერიკული ბრენდით, “კადილაკით” შევიდეს ფორმულა 1-ში. „Andretti Cadilac“ - კარგად ჟღერს, არა?

“დღეს გადაიდგა პირველი ნაბიჯი ისტორიულ გზაზე და იმედია, რომ “ჯენერალ მოტორსს” ფორმულა 1-ში ვიხილავთ,” - ეს GM-ის პრეზიდენტ მარკ როისის სიტყვებია.

“ანდრეტი კადილაკი” ფორმულა 1-ში მეორე ამერიკული გუნდი იქნება ჰაასის შემდეგ. ჯერჯერობით უცნობია, როდისთვის იგეგმება ახალი გუნდის სტარტი F1-ში. გუნდის შეფი მაიკლ ანდრეტი (1993 წელს მაკლარენის პილოტი იყო), რომელიც ავტოსპორტის ლეგენდა მარიო ანდრეტის (82 წლის, 1968-დან 1982 წლამდე F1-ში) შვილია, ამბობს: “ზედმეტად არ ვიჩქარებთ, მაგრამ იმდენად მალე ვიქნებით ტრეკზე, რამდენადაც ეს გონივრული იქნება.”

მაიკლ ანდრეტის დიდი გეგმები აქვს და უკვე სოლიდური პარტნიორიც ჰყავს

FIA-ს ბოსმა მოჰამედ ბინ სულაიიმმა უკვე დაპოსტა, რომ ამ ამბავს დიდი სიამოვნებით მიესალმება: “გამიხარდა კადილაკის და ანდრეტის პარტნიორობის ამბავი და ველოდები განხილვას პროცესის გაგრძელებასთან დაკავშირებით.” კვირის დასაწყისში ის ამბობდა, რომ FIA ახალ გუნდს მიესალმებოდა.

ანდრეტის გუნდი აშშ-ში ცნობილი და წარმატებულია. 2003 წლიდან ინდიქარში ასპარეზობს, 2004, 2005 და 2007 წლებში ჩემპიონობაც იზეიმეს. საინტერესოა, რომ მომდევნო სეზონში ფორმულა 1-ში 3 ამერიკული რბოლაა დაგეგმილი: მაიამიში, ოსტინსა და ლას ვეგასში. ამდენი ამერიკული გრანპრი F1-ში 1982 წლის შემდეგ აღარ ყოფილა. ფორმულა 1-ის პოპულარობის ზრდას ამერიკაში ხელი განსაკუთრებით შეუწყო “ნეტფლიქსის” ცნობილი სერიალის, „Drive to Survive-ის“ წარმატებამ.

კომენტარები

ბოლო ამბები