Thumbnail
  • 📅 28-29 იანვარი | 🏟 ოლიმპიური სასახლე | ⌚ 14:00 | 📺 ევროპოპი
  • ევროპაბეთის ზამთრის თასზე ჩემპიონები 7 სახეობაში გამოვლინდებიან
  • ყველაფერი, რაც ქართული კიბერსპორტის მთავარ მოვლენაზე უნდა იცოდეთ

წლის მთავარი მოვლენა გეიმინგში - ზედიზედ მეორე წელია, ქართულ კიბერსპორტში ყველაზე მასშტაბური ტურნირი ტარდება, რომლის საერთო საპრიზო ფონდი 100 000 ლარია. ქვეყნის უძლიერესი გეიმერები ერთმანეთს ოლიმპიურ სასახლეში 28 და 29 იანვარს დაუპირისპირდებიან.

WINTER CUP-ის ჯგუფური ეტაპი ნოემბერში დაიწყო და დეკემბრის ბოლოს ყველა სახეობაში ფინალისტები გამოვლინდნენ. წელს ჩემპიონატი შვიდ სახეობაში იმართება - ტურნირს eFootball და NBA 2K დაემატა.

“ევროპაბეთის ზამთრის თასმა” ქართული კიბერსპორტის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. მოთამაშეებს შესაძლებლობა ეძლევათ, eSports-ის ბატალიებში მიიღონ მონაწილეობა, ამასთან, ოლიმპიურ სასახლეში სპეციალურად შექმნილი კიბერარენა ნამდვილ გეიმერულ ატმოსფეროს ქმნის. წლევანდელი “ზამთრის თასისთვის” ახალი გუნდები შეიქმნა, წარსულში გამორჩეული მოთამაშეები კი გეიმინგს დაუბრუნდნენ.

"ქართულ კიბერსპორტში "ევროპაბეთის ზამთრის თასი" ერთ-ერთ ძირითად ტურნირად იქცა, რომელიც ქართველი გეიმერებისთვის “მაჟორ” კატეგორიაა. აქ გამარჯვებული არამხოლოდ სოლიდურ თანხას იღებს, არამედ მოცემული პერიოდისთვის სახეობაში რეიტინგულ ადგილს იკავებს. ეს ტურნირი მოტივაციას აძლევს გეიმერებს, რომ სახეობა სპორტად აღიქვან და ყოველი მომდევნო ჩემპიონატისთვის სათანადოდ მოემზადონ. მოხარული ვარ, რომ ევროპაბეთი ფედერაციას მხარში უდგას და ქართული გეიმინგის განვითარებაზე ზრუნავს," - განაცხადა საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ჩოგოვაძემ. 

“ზამთრის თასზე” eFootball პირველი სახეობა იყო, რომელშიც გრანდ ფინალისტები გამოვლინდნენ - ღონისძიების დასკვნით ეტაპზე ძმები, რატი და მათე ნანავები ითამაშებენ. რატი 2021 წლის მსოფლიოს ჩემპიონია, მათე კი - მისი საუკეთესო სპარინგპარტნიორი. მთავარი ინტრიგა ისაა, შეძლებს თუ არა მათე საკუთარი ძმის ჩრდილიდან გამოსვლას და პირველი დიდი ტიტულის მოგებას.

DOTA 2-ის გრანდ ფინალში Monaspa-სა და Protos-ის დუელს ვიხილავთ. ყველაზე მაგიურ სახეობას თავიდანვე ორი გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავდა. Monaspa-ს გუნდში ორი მაგარი დოტერი თამაშობს - w1sh და Nande, Protos კი მათ გუნდურობასა და მებრძოლ ხასიათს დაუპირისპირებს. აღსანიშნავია, რომ DOTA-ს ტურნირზე პირველად, ქალი მოთამაშე (Nataliiya) საპრიზოში მოხვდა, იგი მესამეადგილოსან TurtlMar-ში თამაშობდა, ასევე, მომხმარებლებს ქართული ტურნირის ნახვა liquipedia-ზე შეეძლოთ. 

შარშან, DOTA 2 MONASPA-მ დაძაბულ ბრძოლაში მოიგო

TEKKEN 7-ში გრანდ ფინალის საგზური გუგა ირემაშვილმა (Team Protos) ძალიან მარტივად მოიპოვა. მან ჯგუფურ ეტაპზე ყველა შეხვედრა მოიგო. გუგა ტურნირის მთავარი ფავორიტი იყო და მისი შედეგი არავის გაჰკვირვებია. აი, მეორე ფინალისტის, შაკო ხომასურიძის კარგი თამაში კი სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა. ირემაშვილი შარშანდელი WINTER CUP-ის ფინალისტია, წელს კი ტიტულის მოპოვების რეალური შანსი აქვს. 

FIFA 23 ყველაზე პოპულარული საფეხბურთო სიმულატორია. ამ სახეობაში წელს შეჯიბრება FUT რეჟიმში ჩატარდა. გრანდ ფინალში ორი უძლიერესი მოთამაშე გიორგი გოგოლი და დათუნა ბერია გავიდნენ. ამ წყვილში მცირე უპირატესობა გოგოლის მხარესაა, მაგრამ ბერიამ ტურნირის მსვლელობისას დაამტკიცა, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია.

შარშან, CS:GO-ში გრანდ ფინალი PROTOS-ის ტრიუმფით დასრულდა

CS:GO-ს ქართულ ტურნირზე Monaspa-სა და Protos-ის არყოფნაში მთავარ ფავორიტებად Ufg და Sprenty მოიაზრებოდნენ, რომლებმაც მოლოდინი გაამართლეს. საერთოდ, Sprenty “ზამთრის თასისითვის” შეიქმნა, ხოლო Ufg 2017 წლიდან არსებობს. WINTER CUP-ის ფინალში ამ ორ გუნდს შორის თანაბარი და ძალიან დაძაბული თამაშია მოსალოდნელი. 

“ზამთრის თასზე” NBA-ს ტურნირი წელს პირველად ჩატარდა. შეჯიბრება ალექსანდრე ურუშაძემ ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა. მან 7-იდან 6 თამაში მოიგო და სატურნირო ცხრილში 18 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. საწყისი ორი ტურის წაგების შემდეგ სანჯი საგინაშვილი ბრწყინვალედ ათამაშდა. მან ზედიზედ 5 შეხვედრა მოიგო და მეორე ფინალისტი გახდა.  

Pubg Mobile “ზამთრის თასზე” ყველაზე მასშტაბური სახეობაა. ღონისძიების დასკვნით ეტაპზე 16 გუნდი ითამაშებს. ნახევარფინალის შემდეგ ყველაზე მაღალქულიანი გუნდი FOM გახდა. ტიტულის დაცვას ეცდება შარშანდელი ჩემპიონი ALPI. WINTER CUP-ში მონაწილეობდა ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის გუნდი - KZ ESPORTS, კლანი მე-6 ადგილით გრანდ ფინალში გავიდა. 

სახეობების განრიგი:

28 იანვარი: TEKKEN 7, eFootball, NBA 2K და DOTA 2
29 იანვარი: PUBG MOBILE, FIFA 23 და CS:GO

WINTER CUP საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციისა და ევროპაბეთის თანამშრომლობის შედეგად ტარდება. თამაშების პირდაპირ ეთერში ნახვას ევროპოპისა და CYBER TV-ის YOUTUBE არხებზე შეძლებთ.

კომენტარები

ბოლო ამბები