Thumbnail

'არჩევანი მათზეა' - Australian Open-ზე კოვიდ-ინფიცირებულებიც ითამაშებენ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ჩოგბურთელებს რეკომენდაცია მივეცით, თუმცა, აკრძალვა არ მოქმედებს'
  • დიდი სლემის ტურნირების დირექტორის მოულოდნელი განცხადება

მოახლოებულ ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაშს ის ჩოგბურთელებიც შესძლებენ, რომელთაც დადებითი კოვიდ-ტესტი აღმოაჩნდებათ. ეს მოულოდნელი განცხადება დიდი სლემის ტურნირების დირექტორმა კრეიგ ტაილიმ გააკეთა.

მისი თქმით, შეუძლოდ მყოფ ჩოგბურთელებს რეკომენდაცია მიეცემათ, ინფიცირების შემთხვევაში, იზოლაციას მიმართონ, თუმცა, საბოლოო არჩევანის უფლება მაინც მათზე იქნება. ტაილის განცხადებით, აღნიშნული იმ ვითარების გამოძახილია, რომელიც ბოლო პერიოდში კოვიდ 19-თან მიმართებაში საზოგადოებაში არსებობს.

“შევეცადეთ, მაქსიმალური ლმობიერება გამოგვეჩინა. მოთამაშეებს ვურჩიეთ, რომ ავადმყოფობის შემთხვევაში, კორტზე ნუ გავლენ, სამედიცინო შტაბის წარმომადგენლები კი მათთან ინდივიდუალურად მუშაობას გააგრძელებენ. ჩოგბურთელებს ნათლად ავუხსენით, თუ ცუდად იქნებიან, სჯობს, შინ დარჩნენ. მიუხადავად ამისა, აკრძალვა არ გვაქვს, ამდენად, პოტენციურად კორტზე იმ სპორტსმენებსაც ვიხილავთ, რომელთაც კოვიდი დადასტურებულად ექნებათ. ასეთი შემთხვევა უკვე გვქონდა კრიკეტში”.

კრეიგ ტაილი მაქსიმალურ დათმობაზე წავიდა

პრეცედენტი, რომელზეც დიდი სლემის ტურნირების ხელმძღვანელმა ისაუბრა, არცთუ დიდი ხნის წინ დაფიქსირდა. ავსტრალიის კრიკეტის ნაკრების წევრ მეტ რენშოუს ვირუსი აღმოაჩნდა, თუმცა, მან სამხრეთ აფრიკასთან ხუთდღიანი მატჩის შეწყვეტაზე უარი განაცხადა. რენშოუ 3 დღის განმავლობაში ინფიცირებული თამაშობდა, შემდეგ კი, მისმა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის 2023 წლის ღია პირველობა მელბურნში 16-29 იანვარს არის დაგეგმილი, Australian Open-თან და კოვიდ 19-თან კი ბოლო პერიოდში საჩოგბურთო სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სკანდალია დაკავშირებული.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის იანვარში ნოვაკ ჯოკოვიჩმა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებაზე უარი თქვა, რის გამოც ავსტრალიიდან სკანდალით გააძევეს და მწვანე კონტინენტზე ჩასვლა სამი წლით აუკრძალეს. მოგვიანებით, ავსტრალიის იმიგრაციის ახალმა მინისტრმა ეს გადაწყვეტილება გააუქმა და მოახლოებულ ტურნირზე სერბი ვარსკვლავიც ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები