- გარეთ ბეილმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა
- უელსელმა სუპერვარსკვლავმა ინფორმაცია თვითონ გაავრცელა
რაღაც ასეთი მოსალოდნელიც იყო, მაგრამ მაინც მოულოდნელი ამბავია: გარეთ ბეილმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულა! 33 წლის უელსელმა ვარსკვლავმა კარიერის დასრულების შესახებ გულშემატკივრებს ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტით ამცნო.
საუკეთესო წლებში გარეთ ბეილი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნეოდა. ტოტენჰემსა და რეალ მადრიდში გატარებული შესანიშნავი სეზონების შემდეგ, ბოლო წლებში მას უდიდესი რეგრესი ჰქონდა - ბეილი საკუთარ თავს აღარ ჰგავდა და თავი მხოლოდ რამდენჯერმე გამოიჩინა და ისიც უელსის ნაკრებში.

გასულ ზაფხულს ბეილმა ლოს ანჯელესში გადასვლა გადაწყვიტა, რათა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სათამაშო პრაქტიკა ჰქონოდა. ახლა კი, MLS-ში გადასვლიდან ნახევარ წელიწადში გამოაცხადა, რომ კარიერას ამთავრებს.
“ბევრი ფიქრის შემდეგ გაცნობებთ, რომ სანაკრებო და საკლუბო კარიერას ვამთავრებ,” - წერს ბეილი სოციალურ ქსელებში, - დაუჯერებლად ბედნიერი ვარ, რომ ავიხდინე ოცნება და ვითამაშე სპორტის იმ სახეობაში, რომელიც მიყვარს. ფეხბურთმა ჩემი ცხოვრების რამდენიმე საუკეთესო მომენტი მაჩუქა. 17 სეზონში იმდენი განსაკუთრებული მომენტი მქონდა, რომ ამის გამეორება შეუძლებელი იქნება - მნიშვნელობა არ აქვს, რას მიმზადებს ჩემი ცხოვრების მომდევნო ეტაპი.”
ბეილის სანაკრებო კარიერის საუკეთესო მიღწევები უელსის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა (უელსისთვის პირველი მუნდიალი 1958 წლის შემდეგ) და ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე ნახევარფინალში თამაშია. "111 მატჩი შენი ქვეყნისთვის და ნაკრების კაპიტნობა მართლაც ახდენილი ოცნებაა" - ვკითხულობთ მის პოსტში.
გარეთ ბეილმა თავის ბრწყინვალე კარიერაში სხვა ტიტულებთან ერთად 5-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და რეალთან ერთად სამჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი.
კომენტარები