Thumbnail

ლოჩოშვილს ახალი მწვრთნელი ეყოლება? ალვინის ბოლო შანსი მისცეს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

კრემონეზე იტალიის სერია A-ში 17 ტურის შემდეგ ერთადერთი გუნდია, რომელსაც თამაში არ მოუგია, მაგრამ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალვინი ჯერჯერობით, სამსახურს ინარჩუნებს.

თუმცა, იტალიური მედია წერს, რომ მას ბოლო შანსი მომდევნო ტურში მონცასთან შეხვედრაში მიეცემა. 14 იანვარს, კრემონეზე თუ ერთ-ერთ უშუალო კონკურენტს ვერ დაამარცხებს, დიდი ალბათობით, ალვინის დაითხოვენ.

დასახელდა მისი შეცვლის ორი კანდიდატიც - დავიდე ბალარდინი და რობერტო დ’ავერსა, რომლებიც ამჟამად თავისუფალი არიან. ორივე მათგანს სერია A-ში მუშაობის გამოცდილება აქვს, განსაკუთრებით - ბალარდინის.

მასიმილიანო ალვინი ლუკა ლოჩოშვილის ნდობით გამოირჩევა და ქართველ მცველს კრემონეზეს ძირითადი შემადგენლობის წევრად მოიაზრებს. მიმდინარე სეზონში ლუკამ 14-ჯერ ითამაშა და მხოლოდ 3 მატჩი გამოტოვა, მათ შორის, მხოლოდ ერთი მწვრთნელის ტაქტიკური არჩევანის გამო, ხოლო ერთხელ ტრავმირებული იყო, ერთხელაც (პირველ ტურში) იტალიაში თამაშისთვის საჭირო საბუთები მზად არ იყო.

შეგახსენებთ, რომ ლუკა ლოჩოშვილი კრემონეზეს მიმდინარე სეზონის წინ ავსტრიული ვოლფსბერგერიდან შეუერთდა და ჩატარებულ 14 შეხვედრაში 1 საგოლე პასით გამოირჩა. კრემონეზე 7 ქულით ბოლო ადგილზეა და უსაფრთხო ზონას 8 ქულით ჩამორჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები