Thumbnail

დეშამის კონტრაქტი გადასახედია - საფრანგეთში სკანდალი გრძელდება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწრთნელის დიდიე დეშამის ახალი კონტრაქტი შესაძლოა გადაიხედოს. ამის მიზეზი სკანდალია, რომელიც საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის (FFF) ხელმძღვანელის ნოელ ლე გრეს სიტყვებს მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ 7 იანვარს დიდიე დეშამმა საფრანგეთის ნაკრებთან ხელშეკრულება 2026 წლის ივნისამდე გაახანაგრძლივა. ფრანგული მედიის ცნობით, გადაწყვეტილება პირადად ფედერაციის პრეზიდენტმა ლე გრემ, აღმასრულებელ კომიტეტთან შეთანხმების გარეშე მიიღო. აღსანიშნავია, რომ თავად ლე გრეს თანამდებობაზე ვადა 2024 წელს უმთავრდება.

ფრანგი სპეციალისტი კატარის მუნდიალზე ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სკანდალის მიზეზი მას შემდეგ გახდა, რაც ფრანგული ფეხბურთის ლეგენდა ზინედინ ზიდანზე ირონიულად ისაუბრა. მოგვიანებით ლე გრემ ბოდიში მოიხადა, თუმცა ამის მიუხედავად, ფუნქციონერს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებენ. 

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის საგანგებო სხდომა 11 იანვარს დაინიშნა, სადაც შესაძლოა ნოელ ლე გრეს გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღონ. 

FFF-ის აღმასკომის წევრები არ განიხილავენ დეშამთან კოტნრაქტის გაწყვეტის საკითხს, თუმცა შესაძლოა მისი პირობები შეიცვალოს - საუბარია კონტრაქტში პუნქტის ჩამატებაზე, რომელიც სპეციალისტთან განშორების შესაძლებლობას 2024 წლისთვის დაუშვებს.

დიდიე დეშამმა საფრანგეთის ეროვნული ნაკრები 2012 წლის ივნისში ჩაიბარა. 54 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით ფრანგებმა გამარჯვება იზეიმეს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატსა და 2021 წლის ერთა ლიგაში, ხოლო ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდნენ 2022 წლის მუნდიალსა და 2016 წლის ევროზე. 

კომენტარები

ბოლო ამბები