Thumbnail
  • 13 იანვარს გამოდის ფილმი სახელწოდებით “სუპერლიგა - ომი ფეხბურთისთვის”
  • დოკუმენტურ ნამუშევარს Apple TV+ წარმოგვიდგენს
  • ჟურნალისტებმა ფილმი უკვე ნახეს და ძირითად მომენტებზე გვიყვებიან
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

“ფეხბურთისთვის ომი დაიწყო!” - უეფას პრეზიდენტი ალეკსანდერ ჩეფერინი Apple TV-ის ახალ დოკუმენტურ ფილმში, რომელიც სუპერლიგას ეხება.

13 იანვარს გამოდის ფილმი სახელწოდებით „Super League: The War for Football“ (“სუპერლიგა - ომი ფეხბურთისთვის”). 4-სერიან დოკუმენტურ ფილმს Apple TV+ წარმოგვიდგენს. მასში მოთხრობილია, როგორ მიდიან ყველაფერზე იუვენტუსი, რეალი და ბარსელონა იმისათვის, რომ ევროპულ ფეხბურთში ახალი სუპერლიგა დაამკვიდრონ.

სკანდალი 2021 წელს დაიწყო, როცა ხსენებულმა კლუბებმა სხვებთან ერთად სუპერლიგა დააარსეს. დოკუმენტური ფილმი, რომელიც 13 იანვარს გამოდის, წინასწარ ნახეს გარკვეულმა გამოცემებმა, მათ შორის გერმანულმა “ბილდმა”. გერმანული ტაბლოიდი დღეს ფილმის მთავარ მომენტებზე წერს.

► ის, რაც ბევრმა არ იცის: უეფას პრეზიდენტი ჩეფერინი იუვენტუსის ყოფილი შეფის და სუპერლიგის ერთ-ერთი მთავარი დამაარსებლის, ანდრეა ანიელის შვილის ნათლიაა. ანუ, ჩეფერინს და ანიელის მეგობრობა აკავშირებდათ, რომელიც სუპერლიგის დაარსების სკანდალმა გაანადგურა, რადგან ეს უეფას წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იყო.

ჩეფერინი და ანიელი 2018 წელს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. მაშინ უეფას პრეზიდენტი იტალიელს ჯერ კიდევ მეგობრად მიიჩნევდა

ჩეფერინმა მაშინვე შეუტია თავის მეგობარს - მან ანიელის გველი უწოდა და თქვა, რომ არასდროს უნახავს ადამიანი, რომელიც იმდენს იტყუება, რამდენსაც ანიელი. “დაბრმავებული ვიყავი, რადგან ის ჩემი მეგობარი იყო. ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ეს იყო ღალატი. შესაბამისად, ანიელის პერსონა ჩემი ცხოვრებიდან ამოშალე.”

► სუპერლიგის საიდუმლო დოკუმენტებში ხშირად ჩნდება კოდური სახელი W01, რომელშიც სუპერლიგის უცნობი მხარდამჭერი იგულისხმება. დოკუმენტური ფილმის მეოთხე, ბოლო სერიაში კი ვიგებთ, რომ W01 რეალურად ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინოა!

ფილმის მიხედვით, ინფანტინო კლუბებს სუპერლიგის თვალსაზრისით მხარდაჭერას დაჰპირდა, თუკი ისინი ფიფას მიერ ორგანიზებულ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილეობას მიიღებდნენ და ხსენებულ ტურნირს მეტ ფინანსურ სარგებელს მოუტანდნენ. რა დგას ამ საკითხის უკან? როგორც ირკვევა, ინფანტინო გაბრაზებულია ჩეფერინზე და უეფაზე, რადგან უეფა ბლოკავს ფიფას იდეას, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს სანაკრებო ჩემპიონატი 4-ის ნაცვლად 2 წელიწადში უნდა ჩატარდეს. და ფილმიდან ისე ვიგებთ, რომ ინფანტინოს ამის გამო ჩეფერინზე შურისძიება სურს.

ბარსელონას შეფ ჟოან ლაპორტას ნათქვამი აქვს: “ინფანტინო უფრო მეტად იყო თანახმა სუპერლიგის შესახებ დისკუსიების დაწყებაზე, ვიდრე უეფა.”

ინფანტინო და ჩეფერინი კატარში, მსოფლიოს ჩემპიონატზე

ესპანეთის ლა ლიგის შეფი და სუპერლიგის დიდი მოწინააღმდეგე ხავიერ ტებასი ამბობს: “მე ვესაუბრე სუპერლიგის იდეის მომხრე კლუბების შეფებს. ისინი ფიფას ეუბნებოდნენ: თქვენ მხარს დაგვიჭერთ სუპერლიგის იდეის განხორციელების საკითხში, ჩვენ კი სანაცვლოდ მონაწილეობას მივიღებთ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე და ამით მოვკლავთ ჩემპიონთა ლიგას. და ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ ინფანტინოს ჩეფერინის მოკვლა უნდოდა - ცხადია, პოლიტიკურ განადგურებას ვგულისხმობ.”

აღსანიშნავია, რომ ხსენებულ დოკუმენტურ ფილმში კარგ კონტექსტში ფიგურირებენ მიუნხენის ბაიერნი და პარი სენ-ჟერმენი - გრანდები, რომლებმაც სუპერლიგის იდეას მხარი არ დაუჭირეს და იქ არ შევიდნენ. 

ჩეფერინი: “იუვეს და რეალის ბოსები წინ და უკან დარბოდნენ, რათა ეპოვათ კლუბები, რომლებიც სუპერლიგაში ჩაერთვებოდნენ. ბაიერნის და პსჟ-ს დათანხმებასაც ცდილობდნენ, მაგრამ უარი მიიღეს. ამიტომ, ბაიერნს და პსჟ-ს ვეუბნები: თქვენ ისტორიის სწორ მხარეს ხართ.”

► სკანდალი 2021 წლის 19 აპრილს გასკდა, როცა კლუბებმა თავიანთი გეგმები გაასაჯაროვეს.

ჩეფერინი: “ეს ამბავი შუაღამისას გამოაცხადეს, ვამპირებივით მოიქცნენ. ის იყო პირველი დღე, როცა გავიგე, რომელი კლუბები აპირებდნენ ამ რევოლუციას. ცხადია, იმედგაცრუებული ვიყავი. ამ ნაბიჯით მათ ფეხბურთს შეაფურთხეს. ჩვენ მათ ვებრძვით და დავამარცხებთ ყველაფრით, რაც გვაქვს და რაც შეგვიძლია.”

ჩეფერინი ამბობს, რომ არ დანებდება და სუპერლიგის წინააღმდეგ ყველა ხერხით იბრძოლებს

იუვეს, რეალის და ბარსას გარდა, სუპერლიგის 12 კლუბს შორის ინგლისის ე.წ. “დიდი ექვსეულიც” იყო: ჩელსი, ლივერპული, მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი, არსენალი და ტოტენჰემი. ისინი თავიდან ხსენებულ სამეულს აჰყვნენ, მერე კი, ფანებისა და პოლიტიკოსების წნეხის შემდეგ, ბოდიშები მოიხადეს და პროექტთან დისტანცირდნენ. შესაბამისად, სუპერლიგის პროექტი მათ გამო შეფერხდა და ფაქტობრივად ჩაიშალა. ცხადია, დიდი როლი ჰქონდა უეფას მუქარასაც - ჩეფერინი კლუბებს დიდი ჯარიმებით, ტურნირებიდან მოკვეთით და ფეხბურთელების დისკვალიფიცირებით დაემუქრა.

იუვე, რეალი და ბარსა სუპერლიგის იდეის განხორციელებას ფაქტობრივად დღემდე ცდილობენ. მათ გერმანელი ბერნდ რაიხარტის იმედი აქვთ, რომელიც თავისი სპორტული მენეჯმენტის სააგენტო A22-ით ცდილობს კლუბებსა და უეფას შორის ახალი დიალოგის ორგანიზებას, რათა შექმნილი ვითარებიდან მშვიდობიანი და ყველასათვის მეტ-ნაკლებად მისაღები გამოსავალი იქნას ნაპოვნი.

კომენტარები

ბოლო ამბები