- ურუგვაის ნაკრების ფორვარდმა მუნდიალზე მომხდარი ინციდენტი გაიხსენა
- ედინსონ კავანისა და მის თანაგუნდელებს დისკვალიფიკაცია ემუქრებათ
- მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია
ურუგვაის ნაკრების ვეტერანმა ფორვარდმა ედინსონ კავანიმ მსოფლიოს ჩემპიონატზე განასთან მატჩის შემდეგ მომხდარ სკანდალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუკი მას VAR-ის მონიტორის წაქცევისთვის დასჯიან, მაშინ, აღნიშნული შეხვედრის მსაჯს პატიმრობა უნდა მიესაჯოს. ესპანური ვალენსიას 35 წლის თავდამსხმელთან ინტერვიუ რადიო Cadena SER-მა ჩაწერა.
ედინსონ კავანი: “ვერავინ იტყვის, კონკრეტულ მატჩში რა მოხდება. ყოველი თამაშის წინ ჩემს თავს ვეკითხები, ამჯერად, რაღა უნდა შეგვემთხვეს? იქნებ მაისურის გადაგდებისთვის პენალტი დაგვინიშნონ. აღარაფერია გამორიცხული. ფეხბურთელებს სიამაყის გრძნობა გაგვაჩნია და მსაჯებიც ასე არიან, თუმცა, ეს ზღვარს არ უნდა სცდებოდეს. არის რაღაცეები, არც არ უნდა გააკეთო. ზოგჯერ თავს დაუცველად ვგრძნობ, რადგანაც სხვის ვერდიქტზე ვარ დამოკიდებული. თუკი იმისთვის დამსჯიან, რომ მე VAR-ის მონიტორს ხელი დავარტყი, მაშინ, ის მსაჯი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატიდან გამოგვაგდო, ციხეში უნდა ჩასვან”.
შეგახსენებთ, რომ გასულ მუნდიალზე ურუგვაელებმა ბოლო ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში განას 2:0 სძლიეს, თუმცა, ბურთების უარესი სხვაობის გამო ჩამორჩნენ სამხრეთ კორეას. სამხრეთამერიკელები უკმაყოფილო დარჩნენ მთავარი მსაჯის დანიელ ზიბერტის მოქმედებით (სკანდალური მატჩის მერე, მას მსოფლიოს ჩემპიონატზე აღარ უმსაჯია), რომელმაც მათი აზრით, მეტოქის კარში 2 პენალტი არ დანიშნა.
თამაშის შემდეგ, ურუგვაელებმა პროტესტი მძაფრად გამოხატეს. კავანიმ VAR-ის მონიტორი წააქცია, ხოსე მარია ხიმენესმა მატჩის ოფიციალურ პირს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო დიეგო გოდინი და ფერნანდო მუსლერა მსაჯების მიმართ აგრესიას გამოხატავდნენ. ფიფამ ჯერ კიდევ დეკემბერში გამოაცხადა, რომ ამ ინციდენტის გამო, ფეხბურთელებისა და ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციის მიმართ გამოძიება დაიწყო.
კომენტარები