Thumbnail
  • კლუბის უარის მიზეზი, გულშემატკივრების განაწყენების საფრთხეა
  • ლიონელ მესი მუნდიალის შემდეგ პსჟ-ში პირველ მატჩს გამართავს

Le Parisien-ის ინფორმაციის თანახმად, პარი სენ-ჟერმენმა გადაწყვიტა, ლიონელ მესის "პარკ დე პრენსზე" მსოფლიოს ჩემპიონატის თასის წარდგენის საშუალება არ მისცეს. ამის მიზეზი ფრანგი გულშემატკივრების მხრიდან შესაძლო უარყოფითი გამოხმაურებაა.

პსჟ ლიგა 1-ის მე-18 ტურის შეხვედრაში შინ ანჟერს უმასპინძლებს, მესი კი მუნდიალის შემდეგ პარიზული კლუბის რიგებში პირველ შეხვედრას ჩაატარებს. არგენტინელს სურდა გულშემატკივრების წინაშე კატარში მოგებული მუნდიალის თასი წარედგინა, თუმცა ზემოთ აღნიშნული მიზეზის გამო უარი მიიღო.

პარიზში მესის ასე დახვდნენ

შეგახსენებთ, რომ მესიმ და არგენტინის ნაკრებმა მუნდიალის ფინალში საფრანგეთის ნაკრებს მოუგეს. ბუენოს აირესში საჩემპიონო აღლუმის დროს არგენტინელი "ათიანის" თანაგუნდელმა მეკარე ემილიანო მარტინესმა ფრანგთა ვარსკვლავს, კილიან მბაპეს დასცინა - ხელში თოჯინა ეჭირა, მისი სახის გამოსახულებით. ამ დროს მარტინესის გვერდით სწორედ მესი იყო, რომელმაც მეკარის ამ საქციელს ყურადღება არ მიაქცია.

პსჟ-ის ბოსების აზრით, სტადიონზე თასის პრეზენტაცია დიდ უკმაყოფილებას და მესის მიმართ შეურაცხმყოფელ შეძახილებს გამოიწვევს. მათი აზრით, სავარჯიშო სესიაზე დახვედრა და საჩემპიონო კორიდორის მოწყობა (პსჟ-მა ეს ყველაფერი მესის დაბრუნების დროს გააკეთა) სავსებით საკმარისია.

კომენტარები

ბოლო ამბები