Thumbnail
  • 30 წლის ქართველი ჩოგბურთელი პირველ წრეში ტეილორ ფრიტცს შეხვდება
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკელს 4-ჯერ შეხვედრია და თანაბარი ბალანსი აქვს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

30 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა წლის პირველ სლემტურნირზე მეტოქის ვინაობა შეიტყო და ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ წილისყრისას გაუმართლა.

ავსტრალიის ღია პირველობის საწყის რაუნდში ბასილაშვილის პირისპირ მე-8 ნომრად განთესილი ამერიკელი ტეილორ ფრიტცი დადგება, რომელსაც პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) მიმდინარე რეიტინგში საკმაოდ მაღალი – მე-9 ადგილი უკავია.

ფრიტცმა გასული წლის ოქტომბერში ტოკიოს ტურნირი მოიგო, წელს კი, აშშ-ს ნაკრებთან ერთად, ავსტრალიაშივე გამართული United Cup-ის გამარჯვებული გახდა. ტეილორმა შეჯიბრის განმავლობაში ჩეხი ირჟი ლეჰეჩკა, გერმანელი ალექსანდერ ზვერევი, პოლონელი ჰუბერტ ჰურკაჩი და იტალიელი მატეო ბერეტინი დაამარცხა და მხოლოდ ბრიტანელ კემერონ ნორისთან წააგო.

შარშანდელი ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ენდი მარისთან წააგო

ამ ფონზე კარგ ფორმაში ნამდვილად არ იმყოფება ბასილაშვილი, რომელიც კლასიფიკაციაში უკვე 89-ე პოზიციამდე დაქვეითდა და წელს მატჩი არ მოუგია: ინდურ პუნეში იტალიელ მარკო ჩეკინატოსთან დამარცხდა, ავსტრალიაში ჩასვლის შემდეგ კი, ადელაიდაში, შვედ მიკაელ იმერს უპირისპირდებოდა, როდესაც პირველი სეტის წაგების შემდეგ, თამაში შეწყვიტა.

ბასილაშვილი 25 წლის ფრიტცს კარიერის განმავლობაში 4-ჯერ შეხვედრია და თანაბარი ბალანსი აქვს. 2017 წელს ჩენდუში (ჩინეთი) ამერიკელმა 6:3, 3:6, 6:1 მოიგო, მომდევნო 3 მატჩი კი 2021 წელს შედგა: დოჰაში (კატარი) ნიკოლოზმა 7:6 (7:3), 6:1 იმარჯვა, დუბაიში (არაბეთის გაერთიანებული საამიროები) ისევ ფრიტცის ჯერი იყო – 4:6, 6:3, 7:6 (7:4), ინდიან ველსის (აშშ) მასტერსზე კი ბასილაშვილმა მეტოქეს 7:6 (7:5), 6:3 სძლია.

თუკი საქართველის პირველმა ჩოგანმა სენსაცია მოახდინა და ხსენებული ბარიერი დასძლია, ავსტრალიის ღია პირველობის მე-2 წრეში უაილდ-ქარდის მქონე ავსტრალიელ ალექსეი პოპირინსა და ტაივანელ ჩუნ ჰსინ ცენგს შორის უმჯობესს შეხვდება.

ვთქვათ ისიც, რომ Australian open-ზე ნიკოლოზi მე-3 წრის მიღმა არასდროს გასულა, შარშან კი, ტურნირს პირველივე რაუნდში გამოეთიშა, როდესაც ვეტერან ენდი მარისთან (დიდი ბრიტანეთი) 1:6, 6:3, 4:6, 7:6 (7:5), 4:6 წააგო. 2023 წლის პირველი სლემტურნირის ძირითადი ბადის მატჩები სტარტს 16 იანვარს აიღებს. აღსანიშნავია ისიც, რომ წლევანდელი საპრიზო ფონდი - 52.8 მილიონი დოლარი სარეკორდოა.

კომენტარები

ბოლო ამბები