Thumbnail

15 და 16 წლის ჩეხი ჩოგბურთელები Australian Open-ის ძირითად ბადეში ითამაშებენ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

15 წლის ჩეხი ჩოგბურთელი ბრენდა ფრუჰვირტოვა ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში მოხვდა.

თინეიჯერმა სპორტსმენმა მელბურნში სერბ ნატალია სტეფანოვიჩს 6:0, 7:6 (7:0) სძლია, შემდეგ უკრაინელ დარია სნიგურს მოუგო 5:7, 7:6 (7:3), 6:3, მიუხედავად იმისა, რომ მე-2 სეტში 1:5 და 15:30 მარცხდებოდა, გადამწყვეტ რაუნდში კი ესპანელი ჯესიკა ბუზას მანეირო დაამარცხა – 3:6, 7:6 (7:2), 6:4.

ცნობისთვის, ფრუჰვირტოვა WTA-ს რეიტინგის TOP 250-ში ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელია და ავსტრალიის ღია პირველობის ისტორიაში ასაკობრივად მე-5 ადგილზეა, ვისაც ძირითად ბადეში გასვლა მოუხერხებია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბრენდა 17 წლის ლინდა ფრუჰვირტოვას დაა, რომელიც თავის მხრივ, კლასიფიკაციის მოწინავე ასეულის ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელია (მე-80 ადგილზეა). უკვე ცნობილია, რომ ბრენდა Australian Open-ზე ძირითად ბადეში ბელარუს ალეკსანდრა სასნოვიჩს შეხვდება.

საინტერესოა, რომ კვალიფიკაცია ასევე დასძლიეს კიდევ ერთმა ჩეხმა თინეიჯერმა, 16 წლის სარა ბეილეკმა (175-ე) და 19 წლის რუსმა პოლინა კუდერმეტოვამ (182-ე), რომელსაც ძირითად ბადეში, ფრუჰვირტოვას მსგავსად, უფროსი და ელის. ვერონიკა გაცილებით ცნობილია და რეიტინგში უკვე მე-9 ადგილი უკავია. ბეილეკი ძირითად ბადეში თანამემამულე ბარბორა კრეიჩიკოვას შეხვდება, უმცროსი კუდერმეტოვა კი - ავსტრალიელ ოლივია გადეცკის.

კომენტარები

ბოლო ამბები