Thumbnail
  • ბრაზილიაში სურთ, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი უცხოელი იყოს
  • ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრებიდან წამოსვლის შემდეგ თავისუფალია
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს ახალი მთავარი ფავორიტი ჰყავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე სამხრეთამერიკული ნაკრების უპირველესი კანდიდატი ლუის ენრიკეა.

ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ედნალდო როდრიგეშს სურს, რომ ბრაზილიურ ფეხბურთში რევოლუცია მოახდინოს და სურს "სელესაოს" ახალი თავკაცი უცხოელი იყოს, რომელიც გუნდში ახალ სიცოცხლეს შემოიტანს.

ლუის ენრიკემ ესპანეთს ნაკრები კატარში განცდილი კრახის შემდეგ დატოვა

როდრიგეშის თავდაპირველი კანდიდატი პეპ გვარდიოლა იყო, თუმცა ედნალდომ ესპანელი სპეციალისტისგან უარი მიიღო. ასევე შეთანხმება ვერ მოხერხდა კარლო ანჩელოტისთან, რომელიც მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელია. როდრიგეშმა უარი მიიღო ჟოზე მოურინიოსგანაც.

ერთადერთი კანდიდატი ამ მომენტისთვის ლუის ენრიკეა. იგი "ფურია როხადან" მას შემდეგ დაითხოვეს, რაც მისმა გაწვრთნილმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე E ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, მერვედფინალში კი მაროკოსთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ "სელესაო" მთავარი მწვრთნელის გარეშე ასევე მუნდიალზე განცდილი მარცხის შემდეგ დარჩა. ტიტეს მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ხორვატიასთან მარცხი არ აპატიეს და სახლში გაუშვეს.

ტიტეს ხორვატიასთან მარცხი არ აპატიეს

ბრაზილიელებმა მთავარი მწვრთნელი რაც შეიძლება უმოკლეს დროში უნდა მოძებნონ. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონებს უახლოესი მატჩის გამართვა მარტში მოუწევთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მწვრთნელის დროულად ვერ მოყვანის შემთხვევაში გუნდს მოსამზადებლად და ახალ თავკაცთან ადაპტაციისთვის მცირე დრო ექნება.

ლუის ენრიკემ ესპანეთის ეროვნული გუნდი 2018 წელს ჩაიბარა. 4 წლის წინ მან ფერნანდო იერო შეცვალა. 2019 წელს ლუის ენრიკეს ქალიშვილს სიმსივნე დაუდგინეს, რის გამოც მან 2019 წლის ივნისში პოსტი დატოვა. აგვისტოს ბოლოს მისი ქალიშვილი გარდაიცვალა და ლუის ენრიკე "ფურია როხას" დამრიგებლად 2019 წლის ნოემბერში დაბრუნდა. ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრები ნახევარფინალში, მომავალ ჩემპიონ იტალიასთან დამარცხდა. ლუის ენრიკეს სამწვრთნელო კარიერა გაცილებით წარმატებული იყო ბარსელონაში - 2015 წელს ბარსამ მისი ხელმძღვანელობით ჰეთთრიკი შეასრულა, 2017 წელს კი ჯამში 9 ტიტულის მოგების შემდეგ გადადგა.

კომენტარები

ბოლო ამბები