Thumbnail

გიორგი მამარდაშვილმა ესპანეთის სუპერთასის 1/2-ფინალში, მადრიდის რეალთან გამართულ 120-წუთიან დაპირისპირებაში დიდებულად კი ითამაშა, მაგრამ პენალტების სერიაში ვალენსიას ვეღარ დაეხმარა - 1:1 (პენ: 3:4)

22 წლის ქართველმა მეკარემ, რომელიც ვალენსიაში მეორე სეზონს ატარებს, რეალთან 5 სეივი მიითვალა, თამაშიდან ერთადერთი გოლი კი ისევ 11-მეტრიანიდან გაუშვა. მამარდაშვილმა ქარიმ ბენზემას კუთხე ვერც 39-ე წუთზე გამოუცნო და ვერც მოგვიანებით, პენალტების სერიაში, სადაც დუელი, ფრანგის გარდა, ლუკა მოდრიჩთან, ტონი კროოსთან და მარკო ასენსიოსთანაც წააგო.  

კურტუამ  ერთი პენალტი მოიგერია, გიორგიმ - ვერცერთი

რეალი-ვალენსიას მატჩის შემდეგ ესპანურ მედიაში გიორგი მამარდაშვილზე საინტერესო სტატია გამოჩნდა სათაურით: "მამარდაშვილი კურტუას წინააღმდეგ ბრწყინავდა, მაგრამ თავისი ერთადერთი სისუსტე წარმოაჩინა". როგორც სათაურიდანვე ჩანს, პუბლიკაცია ქართველი გოლკიპერის "აქილევსის ქუსლს" - პენალტის მოგერიებას შეეხება.

"ესპანეთში ჩამოსვლის დღიდან, სიმაღლის გამო გიორგის ტიბოს ადარებდნენ. გუშინ ორივემ ბრყწინვალედ ითამაშა, მაგრამ ქართველისთვის პენალტი კვლავაც რჩება მძიმე ჯვრად. 

ვალენსიას გულშემატკივრებს ამჟამინდელ შემადგენლობაში თუკი ვინმესი სჯერათ, ეს გამოცდილი თავდამსხმელი და ბრწყინვალე მეკარეა. ედინსონ კავანის წარდგენა არ სჭირდება, რომელსაც მართალია, რეალთან გოლი არ გაუტანია, მაგრამ დაცვასა და თავდასხმაში მაგრად იმუშავა და ამით გუნდს თამაში დამატებით დროში გადააყვანინა. გოლკიპერი მამარდაშვილი კი, მართალია, ურუგვაელივით ცნობილი არ არის, მაგრამ რეალთან არაერთხელ დაამტკიცა, რომ უმაღლესი დონისაა. 

ქართველის ბავშვობის კუმირი მანუელ ნოიერია, რომლის მოძრაობების გამეორებას ყოველთვის ცდილობდა, განსაკუთრებით, ერთი-ერთზე გამოსვლისას და პასის ჩაჭრის დროს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ლა ლიგაში გამოჩნდა, თანაგუნდელები, მწვრთნელები და ფეხბურთის სამყაროს სხვა წარმომადგენლები, მამარდაშვილს ორი რამის გამო რეალის გოლკიპერს ადარებენ - ზომებისა და სისწრაფის გამო. საქმე ისაა, რომ ბელგიელს (2 მ) და ქართველს (1,99 მ), რომლებიც ლიგაში ყველაზე მაღალი მეკარეები არიან, სიმაღლე ხელს ვერ უშლით სწრაფ რეაგირებაში, რაც ერ-რიადშიც გამოჩნდა. კურტუა 2, ხოლო მამარდაშვილი 5 სეივით, თავდამსხმელებზე არანაკლებ ჩანან მატჩის მიმოხილვებში.

ერთადერთი მომენტი, რითაც კურტუამ სიტუაცია შეცვალა, პენალტია. საქმე ის კი არ არის, რომ ბელგიელი ამ კომპონენტში უმაღლეს დონეს აჩვენებს, არამედ ის, რომ პენალტი მძიმე ჯვარია გიორგი მამარდაშვილისთვის. 

გიორგის თამაშიდან გოლი ვერც ვინისიუსმა გაუტანა 

ვალენსიაში მოსვლის დღიდან, გიორგი მამარდაშვილს პირისპირ დარჩენა 15 პენალტთან მოუხდა, საიდანაც 5 ჩემპიონატის, ხოლო 10 სათასო მატჩებში (9 სერიებში) იყო… და აქედან 14 გოლით დასრულდა. იმ ერთი გამონაკლისის დროსაც ბურთი მის კარს გადასცდა. ანუ, "მამარდამ" 0ვალენსიაში პენალტი ვერცერთხელ მოიგერია.

წუხელაც მეკარე შინ გაბრაზებული წავიდა. არა მხოლოდ იმის გამო, რომ პენალტი ვერ მოიგერია, არამედ იმიტომ, რომ როგორც "კოპა დელ რეის" ფინალში (შარშან ბეტისთან), ამჯერადაც ახლოს იყო მოგერიებასთან, მაგრამ ბურთი თითებიდან დაუსხლტა. მამარდაშვილმა შეისწავლა მოდრიჩის პენალტები, მიუხვდა ჩანაფიქრსაც, მაგრამ როცა საქმე მოგერიებამდე მივიდა, ბურთი გაექცა…
 
ნებისმიერ შემთხვევაში, მამარდაშვილი სულ 22 წლისაა და სულ ახლახან დამკვიდრდა პროფესიონალურ ელიტაში. ქართველი გაიზარდა, როგორც სპორტული თვალსაზრისით, ისე - საბაზრო ღირებულებითაც. კლუბის მიერ 800 ათას ევროდ ნაყიდი მეკარე, დღეს 25 მილიონი ღირს. მისი კონტრაქტი 2027 წლამდეა გახანგრძლივებული, მაგრამ ისეთმა გრანდებმა, როგორებიც მანჩესტერ იუნაიტედი და აიაქსი არიან, კარზე უკვე დაუკაკუნეს". 

კომენტარები

ბოლო ამბები