Thumbnail

იანვრის ბაშოს მე-4 დღე საბედისწერო გამოდგა ყოფილი ოძეკი ტოჩინოშინისთვის (ლევან გორგაძე), რომელიც ტოკიოში მისთვის საიუბილეო, მე-100 ბაშოზე ჭიდაობდა. მე-13 მაეგაშირა კოტოშოჰოსთან დაპირისპირებაში ლევანი დამარცხდა და თან მხარი იტკინა, რის გამოც სუპერტურნირს ჩაეხსნა. დღეს მას წაგება ჩაეთვალა (2-3 ბალანსი). 

არის საფრთხე, რომ ეს ტოჩინოშინის ბოლო ორთაბრძოლა იყო კარიერაში

ყველაზე ცუდი ისაა, რომ ექიმების თქმით, ტოჩინოშინს ტრავმის მოსარჩენად, სულ მცირე, ორი კვირა ესაჭიროება. მას კი ამდენი დრო არ აქვს - ქართველი სუმოისტისთვის ბაშო დასრულებულია. 2-3-10 ბალანსით კი მას ქვედა, ჯურიოს დივიზიონში გავარდნა გარანტირებული აქვს - მე-11 მაეგაშირას რანგში მოჭიდავე ტოჩინოშინს, სულ მცირე, კიდევ ორი მოგება ესაჭიროება დაქვეითება თავიდან რომ აიცილოს. 

უკვე საუბრობენ, რომ ლევან გორგაძემ შესაძლოა, ჯურიოში აღარც იჭიდავოს და 35 წლის ასაკში სუმოდან წასვლა გამოაცხადოს. ბოლოდროინდელი ქრონიკული ტრავმიანობა, ცუდი შედეგები (ბოლო ორ წელიწადში 12-დან 10 ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა), თითქოს, ამის ლოგიკური წინაპირობაა.

თუმცა სხვანაირად მიაჩნია, სუმოს ცნობილ საიტს, TACHIAI-ის (立合い) - აი, რას წერს ყველაზე ცნობილი ინგლისურენოვანი ონლაინგამოცემა ქართველ სუმოისტზე: "ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოს ჩამოცილდა, ეს კი დიდი ალბათობით, მის ჯურიოში დაქვეითებას ნიშნავს. ტოჩინოშინის ნაადრევად ჩამოწერა, შეცდომა იქნება. როგორც ჩანს, ის გადარჩენისთვის ბრძოლაში ყოველთვის წარმატებულია. ერთია, ადრე თუ გვიან, მისი უმაღლესი დივიზიონიდან დაქვეითება მოსალოდნელიც იყო". 

100 ბაშო: მძიმე ტრავმა და საოცარი დაბრუნება

ტოჩინოშინი იმპერატორის თასით - 2018 წლის იანვრის ბაშო

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი კასუგანო ბეიას რიკიშია, მისი დებიუტი სუმოში 2006 წლის მარტის ბაშოზე შედგა. ქართველმა სუმოისტმა ჯამში 100 ბაშოზე (აქ 3 ტრავმის გამო გამოტოვებულიც ითვლება) იასპარეზა, აქედან 80 უმაღლეს, მაკუუჩი დივიზიონში. ტოჩინოშინმა ერთხელ მოიგო უმაღლესი ჯილდო, იმპერატორის თასი - ეს ზუსტად 5 წლის წინათ მოხდა. 7 ბაშოს განმავლობაში ტოჩინოშინი ოძეკის (ჩემპიონი) რანგში ჭიდაობდა. იმპერატორის თასთან კიდევ ოთხჯერ იყო ახლოს (ვიცე-ჩემპიონი). ლევანმა კარიერაში 3-ჯერ მოიგო გინო-შო (ტექნიკური რიკიშის პრიზი), 2-ჯერ - შუკუნ-შო (ბრწყინვალე ასპარეზობის პრიზი), 6-ჯერ - კანტო-შო (მებრძოლი სულის პრიზი) და 2 კინბოში (ოქროს ვარსკვლავი იოკოძუნას დამარცხებისთვის). 

ლევან გორგაძეს ყველაზე რთული პერიოდი 2013-2014 წლებში ჰქონდა, როცა ბაშოზე ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც ზედიზედ 3 ბაშო გამოტოვა და უმაღლესი დივიზიონიდან მესამეში დაქვეითდა, მაგრამ მან 4 ბაშოს განმავლობაში შეძლა მაკუუჩიში დაბრუნება (ორჯერ მე-3 დივიზიონი მოიგო, ორჯერ - მეორე დივიზიონი ჯურიო), შემდეგ კი "ოქროს ხანა" 2018 წელს დაუდგა - გამარჯვება იანვრის ბაშოზე და ოძეკის ტიტულის მოპოვება ივლისის ბაშოსთვის. სუმოში მის ანგარიშზე 678 გამარჯვება და 602 მარცხია. 

კომენტარები

ბოლო ამბები