- IJF-მა 2022 წლის შეჯამება დაიწყო და საუკეთესოებს ავლენს
- IJF-ს ნომინანტებში ტატო გრიგალაშვილი, ლაშა გუჯეჯიანი და ბექა ღვინიაშვილი არიან
- მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 2022 წლის შეჯამება დაიწყო. ისინი საუკეთესოებს რამდენიმე კატეგორიაში ავლენენ. IJF-ს ნომინანტებში ტატო გრიგალაშვილი (-81კგ), ნაკრების მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი და ბექა ღვინიაშვილი (-90 კგ) მოხვდნენ.
ქომაგებს ხმის მიცემა awards.ijf.org-ზე შეუძლიათ. ტატო 2022 წლის საუკეთესო ძიუდოისტის ტიტულის მოპოვებისთვის იბრძვის. მისი კონკურენტებ არიან: დავლათ ბობონოვი (უზბეკეთი), ცოგბაატარ ცენდ-ოჩირი (მონღოლეთი), ენდი გრანდა (კუბა) და ჰიფუმი აბე (იაპონია).
ლაშა გუჯეჯიანს შანსი აქვს, რომ 2022 წლის საუკეთესო მწვრთნელი გახდეს. მასთან ერთად ამ ნომინაციაში რაფაელე პარლატისა და ფრანჩესკო ბრუეირეს დუეტი, ილიას ილიადისი (ჯარჯი ზვიადაური), ანდრეა ბერტისა და სარა მენეზეშის დუეტი, ვლადიმირ პრერადოვიჩისა და დრაგან ჩრნოვის დუეტი არიან.
ბექა ღვინიაშვილი წლის საუკეთესო გდების ავტორი შეიძლება გახდეს. მას ასტრიდ გნეტო, კრისტა დეგუჩი, დენის ვიერო და სოიჩი ჰაშიმოტო უწევენ წინააღმდეგობას.
ქართველ ქომაგს ხმის მიცემა ყოველ 24 საათში ერთხელ შეუძლია. ხმის მიცემა 2022 წლის 31 იანვრამდე გაგრძელდება. შეგახსენებთ, რომ ტატო გრიგალაშვილმა 2022 წელს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებთან ერთად წლის შემაჯამებელი ტურნირიც (მასტერსი) მოიგო.
ქართველმა ძიუდოისტებმა 2022 წელს 54 მედალი მოიპოვეს: 18 ოქრო, 14 ვერცხლი და 22 ბრინჯაო. შვიდიდან სამ წონით კატეგორიაში კი რეიტინგს ქართველი სპორტსმენები ლიდერობენ.
კომენტარები