- ნაპოლი 5:1 იუვენტუსი
- გოლები: 1:0 ოსიმენი (14), 2:0 კვარაცხელია (39), 2:1 დი მარია (42), 3:1 რაჰმანი (55), 4:1 ოსიმენი (65), 5:1 ელმასი (72)
- 'ნაპოლიმ ეს დაიმსახურა' - რა თქვა ალეგრიმ 1:5-ის შემდეგ
ასეთი მატჩის ასეთი თამაშით და ასეთი ანგარიშით მოგება ყველა ლოგიკით მხოლოდ იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ნაპოლი იტალიის ჩემპიონი გახდება!
სეზონის დასრულებამდე ჯერ ადრეა, მაგრამ ნაპოლიმ სერია A-ში ზედიზედ 8 თამაშის მომგები იუვენტუსი ისე გაანადგურა, რომ საჩემპიონო თამაში სხვა არაფერია. იუვენტუსს, რომელსაც აქამდე, 17 თამაშში ყველაზე ცოტა, მხოლოდ 7 ბურთი ჰქონდა გაშვებული, ნეაპოლელებმა ამ შეხვედრაში 5 ბურთი გაუტანეს! ხ უ თ ი!!!
იცით, როდის გაუშვა იუვემ იტალიის ჩემპიონატში ბოლოს ამდენი? 30 წლის წინ!

ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ძირითადი შემადგენლობა ორ პოზიციაზე შეცვალა: სამპდორიასთან მატჩისგან (2:0) განსხვავებით, სასტარტოში რაჰმანი და ჟელინსკი ვიხილეთ. იუვეს დამრიგებელმა მასიმილიანო ალეგრიმ კი უდინეზესთან თამაშის (1:0) შემდეგ სამი ცვლილება გააკეთა: ბრემერმა რუგანი შეცვალა, კიეზამ ძირითადში თამაში მირეტის ნაცვლად დაიწყო, ხოლო ცენტრფორვარდი კი არა მოიზე კინი, არამედ არკადიუშ მილიკი გახლდათ. როგორც მოსალოდნელი იყო, იუვემ თამაში 3-4-1-1 სქემით დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ალეგრიმ კიეზა კვარაცხელიას ფლანგზე გაამწესა.
როგორც მოსალოდნელი იყო, იუვენტუსი პირველივე წუთებიდან დაცვაში ჩადგა და თამაში კონტრშეტევებზე ააგო, ნაპოლი კი თავიდანვე უტევდა. სპალეტის გუნდმა საკმაოდ მალე, მე-14 წუთზე შეძლო დაწინაურება: პოლიტანოს ჩაწოდების შემდეგ კვარაცხელიამ სანახევროდ მაკრატელა დაარტყა, შჩესნიმ ეს ურთულესი ბურთი მოიგერია, თუმცა დამატებაზე ოსიმენმა გაიტანა.
კვარას დარტყმა რომ გასულიყო, სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გოლი გამოვიდოდა. მაგრამ ნეაპოლელთა ქართველმა ვარსკვლავმა პირველი ტაიმის მიწურულს შეძლო გატანა და უგოლო სერიის დასრულება. ამჯერად ოსიმენმა შექმნა მისი გოლი - ხვიჩამ შჩესნის შანსი არ დაუტოვა. კვარასთვის ეს პირველი გოლია 29 ოქტომბრის შემდეგ, როცა სასუოლოს გაუტანა.
იუვემ ნაპოლის ძალიან სწრაფად უპასუხა! 3 წუთში ანხელ დი მარიამ სხვაობა შეამცირა და გუნდები შესვენებაზე 2:1-ით გავიდნენ.
მეორე ტაიმი შედარებით მშვიდად დაიწყო, თუმცა ტემპი მაინც საკმაოდ მაღალი გახლდათ. 54-ე წუთზე ოსიმენს შეეძლო გატანა, მაგრამ შჩესნიმ აჯობა. ფაქტობრივად საპასუხო შეტევას მოჰყვა მესამე გოლი იუვეს კარში: კვარაცხელიას კუთხურის შემდეგ რაჰმანიმ გაიტანა!

ამ გოლმა იუვენტუსი ფაქტობრივად გაანადგურა. 65-ე წუთზე ანგარიში 4:1 გახდა! ისევ კვარაცხელიას საგოლე პასი და ოსიმენის დუბლი ეფექტური თავური დარტყმით.
კვარა და კომპანია ამითაც არ დაკმაყოფილდნენ: 72-ე წუთზე ანგარიში 5:1 გახდა - ამჯერად ელმასმა გაიტანა. იუვენტუსს აბსოლუტურად აღარაფერი გამოსდიოდა - არც დაცვაში, არც შეტევაში და ალეგრის შეცვლებიც არაფრისმომტანი გახლდათ.
ამ მატჩის სახით ნაპოლიმ ძალიან დიდი, შეიძლება ისტორიული თამაშიც მოიგო. კვარაცხელიას გუნდი იუვენტუსს უკვე 10 ქულით უსწრებს. მილანსაც, თუმცა "როსონერი" დღეს ლეჩეს სტუმრობს...
საინტერესო ფაქტები
🟠 იუვენტუსმა სერია A-ს მატჩში 5 გოლი 1993 წლის 30 მაისის შემდეგ პირველად გაუშვა (მაშინაც 1:5, ოღონდ პესკარასთან). საინტერესოა, რომ მაშინ იუვეს 1 გოლი მასიმილიანო ალეგრიმ გაუტანა. ნაპოლიმ თავის მხრივ, "ბიანკონერის" 5 გოლი ისტორიაში მეორედ გაუტანა (სერია A-ში). პირველად 1988 წლის 20 ნოემბერს.
🟠 1989 წლის 1 აპრილის შემდეგ ეს იყო ნაპოლისა და იუვეს პირველი თამაში სერია A-ში, რომლის პირველ ტაიმში 3 გოლი გავიდა.
🟠 ვიქტორ ოსიმენმა იუვენტუსთან მეოთხედ ითამაშა და გოლი პირველად გაუტანა.
🟠 ხვიჩა კვარაცხელია მე-2 ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც იუვენტუსს სერია A-ს მატჩში გოლი გაუტანა, ლევან მჭედლიძის შემდეგ (ყველა ტურნირის, მათ შორის, ამხანაგური მატჩების ჩათვლით იუვესთვის გოლი თემურ ქეცბაიასა და კახა კალაძესაც აქვთ გატანილი).
ნაპოლი 5:1 იუვენტუსი
გოლები: 1:0 ოსიმენი (14), 2:0 კვარაცხელია (39), 2:1 დი მარია (42), 3:1 რაჰმანი (55), 4:1 ოსიმენი (65), 5:1 ელმასი (72)
ნაპოლი (4-3-3): მერეტი - დი ლორენცო, რაჰმანი, კიმი, მარიო რუი (70. ოლივერა) - ანგისა, ლობოტკა, ჟელინსკი (79. ნდომბელე) - პოლიტანო (46. ელმასი), ოსიმენი (79. რასპადორი), კვარაცხელია (89. ლოსანო).
იუვენტუსი (3-4-1-1): შჩესნი - დანილო, ბრემერი, ალექს სანდრო - კიეზა (56. ილინგი), მაკენი, ლოკატელი (56. პარედესი), რაბიო (83. სოულე), კოსტიჩი - დი მარია (73. მირეტი) - მილიკი (56. კინი).
კომენტარები