Thumbnail

იტალიის სერია A-ს მე-18 ტურში ნაპოლიმ ნამდვილი შოუ დადგა და იუვენტუსთან ისტორიული თამაში მოიგო - 5:1.

ნეაპოლში ეს საღამო დიდხანს ემახსოვრებათ, ისევე, როგორც მასიმილიანო ალეგრის, რომლის კარიერაში ეს ერთ-ერთი უმძიმესი მარცხი იყო. იუვეს მთავარმა მწვრთნელმა მატჩის შემდეგ ტელეკომპანია DAZN-თან თამაში შეაფასა და ნაპოლის დამსახურებული გამარჯვება მიულოცა.

"პირველ რიგში, ნაპოლის გამარჯვებას ვულოცავ. როგორც წესი, სეზონში ყოველთვის არის ისეთი მატჩი, რომელშიც ყოველი დარტყმა შეიძლება გოლად იქცეს. ყველაზე მძიმე მარცხი ჩემს კარიერაში? ყველა წაგება მძიმეა, დამსახურებულად დავმარცხდით. თუმცა ახლა ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ, ამ წაგებამ არ უნდა წაგვაქციოს. როცა ასეთ შეცდომებს უშვებ ამ სტადიონზე მსგავს თამაშში... ნაპოლი იმსახურებს პირველ ადგილს და 10-ქულიან უპირატესობას. როგორც ყველა ნეგატიურ სიტუაციაში, ახლაც დადებითი უნდა დავინახოთ და დადებითია ის, რომ პირველ ტაიმში კარგი რეაქცია გვქონდა. არ უნდა ჩამოვიშალოთ. ვწუხვარ, რომ ანიელის ერა ამ თამაშით დასრულდა, მაგრამ ახლა წინ უნდა გავიხედოთ და მიზნებზე ვიფიქროთ", - თქვა ალეგრიმ.

მაქსმა შემდეგ პრესკონფერენციაზეც ილაპარაკა: "როდესაც 1:5 მარცხდები, გამართლება არ უნდა ეძებო. ისეთი გოლები გავუშვით, სრული ენერგიით რომ გვეთამაშა, არ გავუშვებდით. მესამე გოლის შემდეგ სამყარო თავზე დაგვენგრა. ოსიმენმა საოცარი თამაში ჩაატარა და ნაპოლი უძლიერესი გუნდია.

გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, ბევრი ფეხბურთელიც ტრავმირებულია. ამჟამად ნაპოლი სხვებზე ძლიერია, მაგრამ შესაძლოა ორ თვეში ყველაფერი შეიცვალოს. ფეხბურთში, რაც დღეს მოქმედებს, ხვალ აღარ მოქმედებს. ორ თვეში შეიძლება სხვა სიტუაცია იყოს", - დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ ალეგრის მწვრთნელობის პერიოდში იუვენტუსმა 5 გოლი პირველად გაუშვა, კონკრეტულად სერია A-ში 1993 წლის შემდეგ პირველად. ტურინული გრანდი 37 ქულით მილანთან ერთად მეორე-მესამე ადგილს იყოფს და ნაპოლის 10 ქულით ჩამორჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები