Thumbnail

ნაპოლიმ იუვენტუსი 5:1 გაანადგურა და ცალსახად, ისტორიული, დაუვიწყარი გამარჯვება მოიპოვა.

ყველაზე მაგარი კი ის არის, რომ ნეაპოლელთა ამ გამარჯვების ერთ-ერთი უმთავრესი შემოქმედი ხვიჩა კვარაცხელიაა - გოლით და ორი საგოლე პასით. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ლუჩანო სპალეტიმ ქართველ შემტევზე ისაუბრა:

"მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებისთვის დამახასიათებელი ტექნიკა აქვს. საგოლე ალღოც აქვს და ყოველთვის ახერხებს მეკარისთვის ურთულეს კუთხეში ბურთის გადაგზავნას. თითქოს მარჯვენა ფეხით დარტყმას აპირებს, ფინტს აკეთებს და შემდეგ მარცხნივ მიდის. ყველა თვალსაზრისით ძლიერია! გასაგებია, რომ ასეთ ფეხბურთელებს არ უყვართ დუელებში შესვლა და დაცვით ფაზებში თამაში", - თქვა სპალეტიმ.

ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ასევე ისაუბრა თამაშსა და ვიქტორ ოსიმენის შესახებ: "მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობთ, დღეს ტოტალური ფეხბურთი ვითამაშეთ. იუვეს იმ რწმენით დავუპირისპირდით, რომ ისეთივე ძლიერები ვართ, როგორც ისინი, ვაჩვენეთ, რომ თამაში შეგვიძლია მაშინაც, როცა გაგვიჭირდა, 2:1-ზე. ერთიანები დავრჩით, ტიფოზების წყალობითაც, ამაღამ ვაჩვენეთ, რომ ჩვენც უმაღლეს დონეზე ვართ. მიხარია, რომ ამდენ ადამიანს ბედნიერს ვხედავ, ეს მშვენიერია. თუმცა, ახლა ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ, რადგან წინ ჯერ კიდევ ბევრი თამაშია. ჩვენი დნმ შედგება შეტევისგან, თამაშზე კონტროლის დამყარებისა და ბურთის სწრაფ მოძრაობაში, რისი გაკეთებაც კარგად ვიცით. დღევანდელმა თამაშმა ჩვენი მენტალიტეტი ნათლად წარმოაჩინა.

ოსიმენი? ის ნებისმიერ ბურთზე იბრძვის! მეღიმება, რადგან წარმომიდგენია, ჯერ კიდევ რამდენად შეუძლია გაუმჯობესება. ფიზიკურად ის დამანგრეველია. მეორე გოლზე შესანიშნავად იმოძრავა და კვარაცხელიამაც მშვენიერი პასი მისცა".

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 20 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი, 10-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 3-ჯერ პენალტიც მოიპოვა.

ნაპოლი სერია A-ს 47 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევრებს, იუვენტუსსა და მილანს 10-10 ქულით უსწრებს, თუმცა „როსონერის“ ამ ტურის მატჩი ლეჩესთან ჯერ არ ჩაუტარებია.

კომენტარები

ბოლო ამბები