Thumbnail

დანა უაითმა ახსნა, რატომ დატოვა მსოფლიოს უძლიერესმა მებრძოლმა UFC

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • მსოფლიოს უძლიერესი მებრძოლი ფრენსის ნგანუ UFC-ში აღარ იჩხუბებს
  • ორგანიზაციის პრეზიდენტმა დანა უაითმა კამერუნელის წასვლაზე ისაუბრა

UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა 2023 წლის პირველი ღონისძიების პრესკონფერენციაზე ფრენსის ნგანუსთან (17-3) დაკავშირებით ისაუბრა და ახსნა, თუ რატომ დატოვა მსოფლიოს უძლიერესმა მებრძოლმა ორგანიზაცია. 

კამერუნელი სპორტსმენი UFC-ის მძიმე წონის მოქმედი ჩემპიონი გახლდათ, თუმცა პრომოუშენი და ის კონტრაქტის პირობებზე ვერ შეთანხმდნენ. სწორედ ამიტომ, ნგანუსა და ყველაზე პრესტიჟული MMA ორგანიზაციის გზები გაიყო. 

"ფრენსისთან შეთანხმებას ბოლო 2 წლის მანძილზე ვცდილობდით. ყველა ველოდით, რომ მისი და ჯონ ჯონსის (26-1-1) ბრძოლა გაიმართებოდა, ჩვენი აზრით, ეს დაპირისპირება მძიმე წონის ისტორიაში საუკეთესო მატჩი უნდა ყოფილიყო. ნგანუს ისეთი პირობები შევთავაზეთ, რომ ის ჩვენი კომპანიის არსებობის მანძილზე ყველაზე მაღალანაზღაურებადი მძიმეწონოსანი გახდებოდა, ასეთი გასამრჯელო ბროკ ლეზნერს არ ჰქონია. ფრენსისმა ამ წინადადებაზე უარი თქვა. 

ნგანუ ახლა ისეთ მდგომარეობაშია, რომ გარისკვა არ უნდა. ფრენსისი ახალგაზრდა აღარ არის, მუხლის ოპერაცია ცოტა ხნის წინ გაიკეთა და არა მგონია, მარტში საბრძოლველად მზად ყოფილიყო. მას კომფორტული პოზიცია აქვს და სურს ნაკლები ჩხუბი გამართოს და მეტი ფული გამოიმუშავოს. ჩვენ ნგანუს ამის უფლებას მივცემთ, გავათავისუფლებთ კონტრაქტიდან და იმის გაკეთებას შეძლებს, რაც უნდა. ის ფიქრობს, რომ UFC-ის მიღმა მისთვის უფრო სარფიანი შესაძლებლობები არსებობს," - თქვა დანა უაითმა. 

ჯერ უცნობია, თუ რა ფორმით განაგრძობს კარიერას ფრნსის ნგანუ, თუმცა დიდი შანსია 36 წლის სპორტსმენი კრივში გადავიდეს. მასთან ბრძოლის გამართვის სურვილი მძიმე წონის დაუმარცხებელ ჩემპიონ ტაისონ ფიურისაც ჰქონდა. UFC-ის მძიმე წონის ტიტულზე, კი ჯონ ჯონსი და სირილ განი (11-1) იჩხუბებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები