- ბაზაძემ ფინალში ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსან ლუიჯი სამელეს მოუგო
- საერთო ჯამში, ქართველმა მოფარიკავემ ტურნირზე ექვს მეტოქეს აჯობა
29 წლის სანდრო ბაზაძე ტუნისის გრან პრის ჩემპიონი გახდა. ეს ისტორიული გამარჯვებაა, რადგანაც ქართველ მოფარიკავეს ამ რანგის ტურნირი აქამდე არასოდეს მოეგო: გრან პრი ფარიკაობაში პრესტიჟულობით მხოლოდ ოლიმპიურ თამაშებსა და მსოფლიო ჩემპიონატს ჩამოუვარდება და კონტინენტის პირველობასთან არის გათანაბრებული.
ბაზაძე ტუნისური ტურნირის ფინალში ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი – იტალიელი ლუიჯი სამელე 15:8 დაამარცხა.

საერთო ჯამში, სანდრომ გრან პრიზე 6 გამარჯვება იზეიმა. ქართული ფარიკაობის ლიდერმა ფინალამდე რუმინელი მატეი ჩიდუ (15:3), იაპონელი კენტო იოშიდა (15:14), გერმანელები რაულ ბონაჰი (15:13) და მატიას შაბო (15:8) და უნგრელი ანდრაშ სატმარი (15:12) დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ ბაზაძე გასული წლის დეკემბერში ორლეანში გამართული გრან პრის ფინალშიც გავიდა და მაშინ უნგრელ ოლიმპიურ ჩემპიონ არონ სილაგისთან წააგო. ამას გარდა, სანდროს გრან პრის ბრინჯაოს მედლები აქვს მოპოვებული კაიროსა და მონრეალში.
კომენტარები