Thumbnail

'იმედი მაქვს, გარდამტეხი მომენტია' - რა თქვეს ჩავიმ და ანჩელოტიმ

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ესპანეთის სუპერთასზე ბარსელონამ რეალი 3:1 დაამარცხა და 2021 წლის შემდეგ პირველი ტიტული მოიპოვა, რომელიც ასევე პირველი იყო ჩავისთვის ბარსას მთავარი მწვრთნელის რანგში.

მატჩის შემდეგ გუნდის მწვრთნელებმა თამაშზე ისაუბრეს. ჩავიმ განაცხადა, რომ ეს გამარჯვება შესაძლოა გარდამტეხი გამოდგეს, ხოლო კარლო ანჩელოტიმ აღნიშნა, რომ მისი გუნდი დაბრუნებას მოახერხებს.

ჩავი (ბარსელონას მწვრთნელი): "ძალიან კარგი თაობა გვყავს და ტიტულების შიმშილიც შეიმჩნევა. დიდი ხანი ამის გარეშე ვიყავით და იმედი მაქვს, რომ ეს გარდამტეხი მომენტია. ძალიან კმაყოფილი ვარ, ეს გამარჯვება მორალურად ძალიან გაგვაძლიერებს. ბედნიერი ვარ ფეხბურთელების და არა ჩემი თავის გამო. ისინი კარგად მუშაობენ, ამიტომ ამ გამარჯვებას იმსახურებდნენ. ძალიან კარგად ვითამაშეთ. ოთხი ნახევარმცველი დავაყენე და ამან გაამართლა. გავი დიდებული იყო. სიტყვებიც კი არ მყოფნის! სუფთა ვნებაა, როცა არ თამაშობს, ძალიან ბრაზდება. ჯერ მხოლოდ 18 წლისაა და წარმოუდგენელი მონდომებით თამაშობს. ლიდერის თვისებები თანდაყოლილი აქვს. არასდროს მბეზრდება მისი ქება, ამ ბიჭს ლიმიტი არ აქვს".

კარლო ანჩელოტი (რეალის მწვრთნელი): "ვფიქრობ, ამ თამაშიდან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ. რთული მომენტია და ეს უნდა გადავლახოთ. ვიცოდით, რომ გუნდი საუკეთესო ფორმაში არ იყო და ხარვეზები ამ თამაშმაც დაგვანახა, რაზეც უნდა ვიმუშაოთ. დარწმუნებული ვარ, დავბრუნდებით. პირველ ტაიმში ბურთი დავთმეთ და პირველმა გოლმა ბარსელონას თავდაჯერებულობა შესძინა. ჩვენ გუნდურად თამაში ვერ მოახერხეთ. გავაანალიზებთ შეცდომებს და გამოვასწორებთ. ვალენსიასთან დაცვაში იყო დადებითი ასპექტები, მაგრამ დღეს ისევ შეცდომები დავუშვით და ამაზე უნდა ვიმუშაოთ. წაგება ცუდია, თუმცა მომდევნო მატჩზე უნდა ვიფიქროთ".

შეგახსენებთ, რომ ბარსელონამ ესპანეთის სუპერთასი ისტორიაში მე-14-ედ მოიგო. "ბლაუგრანამ" რეალამდე ნახევარფინალში სევილიის ბეტისს პენალტების სერიაში აჯობა.

კომენტარები

ბოლო ამბები