Thumbnail

ბაზაძემ 3-გზის ოლიმპიურ ჩემპიონს გაასწრო და რეიტინგის ლიდერი გახდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

29 წლის ქართველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის (FIE) რეიტინგში პირველ ადგილზე გადაინაცვლა, რაც მის კარიერაში პირველად მოხდა.

სანდრო ბაზაძე მსოფლიოში პირველია

ბაზაძეს 233 ქულა მოუგროვდა და მან სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, უნგრელ არონ სილაგის 7 ქულით გაუსწრო, მე-3 ადგილზე მყოფ იტალიელ ლუკა კურატოლისთან (148) კი უკვე საგრძნობი სხვაობაა.

ქართველი მოფარიკავის წინსვლა ტუნისის გრანდ პრიზე წარმატებულმა ასპარეზობამ გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ ბაზაძემ საერთო ჯამში ექვს მეტოქეს აჯობა და ამ რანგის ტურნირის ჩემპიონი პირველად გახდა.

სანდრომ ეს ისტორიული შედეგი ნამდვილად დაიმსახურა, რადგანაც გასული ზაფხულიდან მოყოლებული ძალიან სტაბილურია: მე-5 შეჯიბრზე გამოვიდა და კვარცხლბეკზე ყველა შემთხვევაში ადიოდა - სამი ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო.

ბაზაძემ ივნისში ანტალიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, ნოემბერში ალჟირში ჩატარებულ მსოფლიო თასსა და ხსენებულ ტუნისის გრან პრიზე ოქროს მედლები მოიპოვა, დეკემბერში ორლეანის გრან პრიზე ვერცხლს დაეუფლა, ივლისში კაიროს მსოფლიო ჩემპიონატზე კი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

კომენტარები

ბოლო ამბები