Thumbnail

7-კაცა ევროპულ თამაშებზე გამოვა და ოლიმპიადის საგზურისთვის იბრძოლებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ტურნირს პოლონეთის ქალაქი კრაკოვი წლეულს ზაფხულში უმასპინძლებს
  • საქართველოს 7-კაცა ნაკრების მეტოქეები უკვე ცნობილია

საქართველოს 7-კაცა მორაგბეთა ნაკრები 2023 წლის ევროპულ თამაშებზე იასპარეზებს და ჩემპიონობის შემთხვევაში, 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების საგზურს მიიღებს. რაგბი ევროპამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ რაგბი-7 ევროპული თამაშების ნაწილი გახდა, რომლის ორგანიზატორი ევროპის ოლიმპიური კომიტეტია.

ევროპული თამაშები 2015 წლიდან მოყოლებული, 4 წელიწადში ერთხელ ტარდება. წელს მესამე თამაშებს პოლონეთის ქალაქი კრაკოვი უმასპინძლებს და მასში ევროპის 50 ქვეყანა იქნება ჩართული, მედლები კი სპორტის 26 სახეობაში გათამაშდება.

წლევანდელი ევროპული თამაშები რაგბისთვის სადებიუტოა. მასში კაცთა და ქალთა 12-12 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. ისინი ევროპის ჩემპიონატისა და ალაფას შედეგების მიხედვით შეირჩნენ და როგორც აღვნიშნეთ, ოქროს მედალოსნები 2024 წლის ოლიმპიადაზე მოხვდებიან.

კაცთა ტურნირში საქართველოს ნაკრებთან ერთად ბელგია, ჩეხეთი, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ირლანდია, იტალია, ლიეტუვა, პოლონეთი, პორტუგალია და რუმინეთი ითამაშებენ. ქალთა ტურნირში ჩემპიონობისთვის ბელგია, ჩეხეთი, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ირლანდია, იტალია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, შვედეთი და თურქეთი იბრძოლებენ.

ცნობისთვის, კრაკოვი ევროპულ თამაშებს 21 ივნისიდან 2 ივლისამდე პერიოდში უმასპინძლებს, კონკრეტულად, 7-კაცა რაგბის თამაშები კი 25-27 ივნისს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები