Thumbnail

იტალიის თასის 1/8-ფინალში ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზეს შეხვდება, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ ქართველი ფეხბურთელების დაპირისპირება არ შედგება.

საქმე ისაა, რომ კრემონეზეს სამატჩო განაცხადში ლოჩოშვილი არ არის, თუმცა მიზეზი უცნობია. კრემონულ გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, დავიდე ბალარდინი, რომელმაც ნეაპოლში წამსვლელი ფეხბურთელების სია გაასაჯაროვა და მასში 9 ფეხბურთელი არაა, მათ შორის - ლუკაც.

აღსანიშნავია, რომ ლოჩოშვილმა გუშინ გუნდთან ერთად ივარჯიშა, სერია A-ს ბოლო ტურში კი, მონცასთან (2:3) სათადარიგო სკამზე იყო. ქართველმა მცველმა მიმდინარე სეზონში 14 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე პასი გააკეთა.

ლოჩოშვილმა ბალარდინის ხელმძღვანელობით უკვე ივარჯიშა

თავის მხრივ, ნაპოლის მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი გადატვირთული გრაფიკის გამო კრემონეზესთან შემადგენლობის გადახალისებას გეგმავს და მოსალოდნელია, რომ კვარაცხელია მატჩს სათადარიგო სკამიდან დაიწყებს, ისევე, როგორც გუნდის სხვა ლიდერები. ეს გასაგებიცაა - ახლა ნაპოლისთვის იტალიის თასი მეორეხარისხოვანი ტურნირია და მთელი ძალები სერია A-სკენ აქვს მიმართული, რომელსაც 9-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.

ნაპოლისა და კრემონეზეს მატჩი 17 იანვარს, "სტადიო მარადონაზე", თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება და მეოთხედფინალისტის ვინაობა გაირკვევა.

კომენტარები

ბოლო ამბები