Thumbnail
  • ტეილორ ფრიტცი 6:4, 6:2, 4:6, 7:5 ნიკოლოზ ბასილაშვილი
  • ბასილაშვილმა მესამე სეტიდან თამაშში დაბრუნება სცადა
  • ამერიკელმა ფავორიტის სტატუსი გაამართლა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის წლის პირველი დიდი სლემი პირველივე წრეში დასრულდა.

30 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 90-ე ადგილზეა, ავსტრალიის ღია პირველობაზე ასპარეზობა ამერიკელ ტეილორ ფრიტცთან (მე-9 ჩოგანი) დაიწყო და დაასრულა. ბასილაშვილი მასთან 4 სეტში, 4:6, 2:6, 6:4, 5:7 დამარცხდა.

ფრიტცი ამ დუელში გამოკვეთილი ფავორიტი იყო, რადგან ბასილაშვილი უკვე დიდი ხანია, ცუდ ფორმაშია და რეგრესი აქვს. ერთმანეთში აქამდე ჩატარებულ მატჩებში ფრიტცსა და ბასილაშვილს შორის თანაბარი ბალანსი იყო - ორი მატჩი ამერიკელს ჰქონდა მოგებული, ორიც ქართველს.

არადა, ნიკასთვის ყველაფერი ძალიან კარგად დაიწყო: მან მესამე გეიმშივე შეძლო ფრიტცის მოწოდების მოგება (2:1) და სეტს 4:2-საც იგებდა, მაგრამ მერვე და მეათე გეიმებში საკუთარი მოწოდება ზედიზედ დათმო და მოსაგები სეტი 4:6 წააგო.

მეორე სეტში თანაბარი ბრძოლა მე-6 გეიმამდე გაგრძელდა. სწორედ მე-6 გეიმში მოახერხა ფრიტცმა მორიგი ბრეიკის აღება, 4:2 დაწინაურდა და სეტი იოლ გამარჯვებამდე მიიყვანა (6:2).

მესამე სეტი უკვე ბასილაშვილმა დაიწყო ბრეიკით, საკმაოდ კარგად ითამაშა და დაბრუნების შანსი გაუჩნდა, რადგან სეტი 6:4 მოიგო. მეოთხე სეტში ნიკამ ძალიან მოინდომა, თამაშიც დაძაბული გახლდათ, მაგრამ ამერიკელმა მეორე მატჩპოინტი გამოიყენა და ბასილაშვილის ბარიერი გადალახა.

ფრიტცს მოლოდინისამებრ დიდი უპირატესობა ჰქონდა ეისებში: მან 32 ეისი შეასრულა, ბასილაშვილმა კი მხოლოდ 9. ამასთან, ნიკამ 11 ორმაგი შეცდომა დაუშვა (ფრიტცმა მხოლოდ 2). ბასილაშვილს 55 უნებლიე შეცდომა ჰქონდა, ფრიტცს - 27. აღსანიშნავია, რომ 32 ეისი ფრიტცის კარიერაში საუკეთესო შედეგია.

კომენტარები

ბოლო ამბები