- საფრანგეთს ნაკრების ყოფილმა მცველმა გუნდის ამჟამინდელი მოთამაშეები გააკრიტიკა
- 41 წლის პატრის ევრას ნაკრებში ქარიმ ბენზემას მიმართ დამოკიდებულება არ მოეწონა
- ‘მის ტრავმას ხელი შეუწყვეს’ – ნაკრებში ბენზემას დაბრუნება არ სურდათ
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა პატრის ევრამ გუნდის ამჟამინდელი მოთამაშეები გააკრიტიკა ქარიმ ბემნზემას მიმართ მათი დამოკიდებულების გამო.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის სტარტამდე რამდენიმე დღით ადრე, მადრიდის რეალის ფრანგმა თავდამსხმელმა ტრავმა მიიღო და დიდიე დეშამის ნაკრებს კატარში ვეღარ დაეხმარა. მაშინ გაჩნდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელები: ანტუან გრიზმანი და უგო ლორისი ამ ფაქტის გამო გახარებულები იყვნენ… საბოლოოდ, საფრანგეთის ნაკრებმა კატარის მუნდიალზე ფინალში გააღწია, სადაც პენალტების სერიაში არგენტინასთან დამარცხდა და ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა.

41 წლის პატრის ევრამ, რომელსაც კარიერის საუკეთესო წლები მანჩესტერ იუნაიტედსა და ტურინის იუვენტუსში აქვს გატარებული, ხოლო ნაკრებთან ერთად ევრო 2016-ის ვიცე-ჩემპიონი გახდა, თანამემამულე ფეხბურთელებს სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართა:
"არსებობს გარკვეული პრობლემა ადამიანური ურთიერთობების კუთხით. იმედგაცრუებული დავრჩი. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ქარიმი ხელს ბევრს უშლიდა. გულს მტკენს ის, რომ თქვენ, ფეხბურთელები, მას გვერდში არ დაუდექით. ამისთანა ფეხბურთელისთვის ომშიც კი უნდა წახვიდე.
ყველაფერს მწვრთნელი წყვეტს და არჩევანს ის აკეთებს. ვფიქრობდი, რომ დეშამი ფეხბურთელზე მაღლა ყოველთვის გუნდს აყენებდა. ამბობენ, რომ თქვენ, მოთამაშეებს, გშურდათ (ბენზემასი) და დაბოღმილები იყავით იმის გამო, რომ გჯობდათ.
იმავე შეცდომას უშვებთ, რაც 1998 წლის მუნდიალის ჩემპიონები უშვებდნენ, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ საფრანგეთის ნაკრები მათ ეკუთვნოდათ. საფრანგეთის ნაკრები ყველასია. გინდათ თავად გადაწყვიტოთ, გუნდში ვინ უნდა გამოიძახონ და ვინ არა. ცდებით, ასე არაა. ბიჭებო, გუნდში "ოქროს ბურთის" მფლობელი გყავთ. მე რომ ვიყო ნაკრებში, სადილადაც კი არ დავსხდებოდით, სანამ ქარიმი არ მოვიდოდა. მე ვერ დავინახე, რომ ვინმეს მისთვის მხარდაჭერა გამოეხატოს".

ქარიმ ბენზემა ყოფილ თანაგუნდელ მატიე ვალბუენასთან დაკავშირებული სკანდალისა და სასამართლო გარჩევების გამო, საფრაგენთის ნაკრებიდან დიდი ხნით იყო მოკვეთილი და ის ეროვნულ გუნდში მხოლოდ 2021 წელს, დიდიე დეშამმა დააბრუნა. მადრიდის რეალის 35 წლის ცენტრფორვარდმა, რომელმაც 2022 წელს "ოქროს ბურთი" მოიგო, კატარის მუნდიალის შემდეგ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
კომენტარები