- ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გოლდენ სტეიტ უორიორსს უმასპინძლა
- შეხვედრაზე NBA-ს ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულიაც იმყოფებოდა
- მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში NBA-ს ჩემპიონ გოლდენ სტეიტ უორიორსის მთელ შემადგენლობას უმასპინძლა.
ღონისძიება NBA-ს ჩემპიონობას მიეძღვნა, რომელიც გოლდენ სტეიტმა გასული წლის ივნისში იზეიმა. უორიორსი ბოლო 8 წელიწადში 4-ჯერ გახდა NBA-ს ჩემპიონი და 6-ჯერ ფინალში ითამაშა.
"მეომრების" შემადგენლობასთან ერთად თეთრ სახლში იმყოფებოდა ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულიაც, რომელიც კლუბში საკალათბურთო და ბიზნესოპერაციათა კონსულტანტად მუშაობს. ფაჩულიამ მცირე კომენტარიც გააკეთა:
"პირველად ვარ აქ, ასეთ ღონისძიებაზე. ძალიან მოხარული, ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ მხოლოდ ეს იყო, რაც წინა ჩემპიონობის დროს არ გამომიცდია", - თქვა ზაზამ.

თეთრ სახლში შეხვედრას ბაიდენის გარდა, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისიც ესწრებოდა, რომელიც წარმოშობით კალიფორნიიდანაა. როგორც მან თქვა, ბავშვობიდან გოლდენ სტეიტის გულშემატკივარია.
"გოლდენ სტეიტ უორიორსი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფრენჩაიზი კალათბურთსა და სპორტში. NBA-ს 4 ტიტული, 6 ფინალი ბოლო რვა სეზონში - ეს ცოტა არ არის. გოლდენ სტეიტს თეთრ სახლში ყოველთვის მიესალმებიან", - თქვა სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა.
უორიორსის ლიდერმა სტეფ კარიმ ჯო ბაიდენს სიმბოლურად გოლდენ სტეიტის 46-ნომრიანი მაისური გადასცა, რაც ამერიკის პრეზიდენტების ნუმერაციას აღნიშნავს. ბაიდენი სწორედ 46-ე პრეზიდენტია.
შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულია გოლდენ სტეიტში 2016-2018 წლებში თამაშობდა და მოთამაშის რანგში NBA-ს ჩემპიონი ორჯერ გახდა. კარიერის დასრულების შემდეგ მან კლუბში მუშაობა დაიწყო და გასულ წელს ბეჭედი უკვე როგორც მენეჯერმა მოიპოვა.
კომენტარები