Thumbnail
  • შერმადინის ტენერიფე მაკფადენისა და ანდრონიკაშვილის მურსიას შეხვდება
  • თებერვლის სანაკრებო პაუზამდე ჩემპიონთა ლიგაში 3 ტური გაიმართება
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე მე-2 ჯგუფური ეტაპის ყველა მონაწილე გაირკვა და ცნობილი გახდა, რომ გიორგი შერმადინის ლენოვო ტენერიფეს დაპირისპირება თად მაკფადენისა და რატი ანდრონიკაშვილის მურსიასთანაც მოუწევს.

L ჯგუფში საინტერესო ვითარება შეიქმნა იმ მხრივ, რომ იქ კიდევ ერთი ესპანური კლუბი ბილბაო ბასკეტი მოხვდა, მე-4 მონაწილე კი თურქული დარუშაფაკაა.

შეგახსენებთ, რომ ლენოვო ტენერიფე ამ ეტაპზე ავტომატურად გავიდა მას მერე, რაც საწყის ჯგუფურ რაუნდში პირველი ადგილი დაიკავა, მურსიამ კი ორმატჩიან პლეი ოფში აჯობა თურქულ პინარ კარშიაკას.

შერმადინს ტურნირზე 6 მატჩი აქვს ჩატარებული და ასეთი საშუალო სტატისტიკა გააჩნია: 19.9 წუთი, 14.3 ქულა, 5.2 მოხსნა, 1.0 ჩაჭრა. მურსიელთა მაჩვენებლები ამგვარია – მაკფადენი: 7 მატჩი, 23.9 წუთი, 12.4 ქულა, 1.4 მოხსნა, 3.3 პასი; ანდრონიკაშვილი: 3 მატჩი, 3.8 წუთი, 0.3 ქულა.

მე-2 ჯგუფური ეტაპი, სადაც 16 გუნდი ოთხ ჯგუფშია გადანაწილებული, სტარტს 24 იანვარს აიღებს და 22 მარტს დასრულდება. ჯგუფების ორ-ორი მოწინავე შემდეგ ეტაპზე გავა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან გააგრძელებს.

საინტერესოა, რომ საქართველოს ნაკრების კალათბურთელების დაპირისპირება პირველივე ტურში შედგება და მასპინძელი ტენერიფე იქნება. შერმადინი, მაკფადენი და ანდრონიკაშვილი თებერვლის პირველ ნახევრამდე სამ ტურს მოითავებენ, შემდეგ კი, სანაკრებო ფანჯარასთან დაკავშირებული პაუზაა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული გუნდს მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში დასკვნითი თამაშები ელის. ილიას ზუროსის შეგირდები 23 თებერვალს ნიდერლანდებში ითამაშებენ, 26-ში კი ისლანდიას დაუხვდებიან და თუ ორივე შეხვედრაში იმარჯვეს, მსოფლიოს პირველობაზე პირველად ითამაშებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები