Thumbnail

დიდი სლემების ტურნირების 21-გზის ჩემპიონმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობის მე-3 წრეში თამაშის უფლება მოიპოვა. 35 წლის სერბმა ვარსკვლავმა ფრანგ ენზო კუაკოსთან დაახლოებით ორსაათიანი დაპირისპირება გადაიტანა და 6:1, 6:7 (7:5), 6:2, 6:0 სძლია.

ანგარიშიდანაც სჩანს, რომ სერიოზული ბრძოლა მხოლოდ მე-2 სეტში შედგა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 191-ე ადგილზე მყოფმა კუაკომ ტაი-ბრეიკზე მოიგო. ჯოკოვიჩმა 9 ეისი მოაწოდა და მისთვის საკმაოდ ბევრი 6 ორმაგი შეცდომა დაუშვა, 20 ბრეიკ-პოინტიდან 6 გამოიყენა, თავად კი მოწოდება არ წაუგია. სათქმელია ისიც, რომ ნოლემ როდ ლეივერის სახელობის არენაზე ზედიზედ 23-ე (!) გამარჯვება იზეიმა.

საინტერესოა, რომ მატჩის მიმდინარეობისას ტრიბუნებიდან გააძევეს ფანები, რომლებიც ჯოკოვიჩს ხელს უშლიდნენ. აღნიშნული მას მერე მოხდა, რაც ამ მოწოდებით მთავარ მსაჯს თავად სერბმა ჩოგბურთელმა მიმართა:

“ეს ადამიანი მთელი საღამოა ჩემს პროვოცირებას ცდილობს. თქვენც ხვდებით, ვისზეა საუბარი. მთვრალია და პირველი გათამაშებიდან მოყოლებული ყვირის. ის ჩოგბურთის საყურებლად არ მოსულა, უბრალოდ, უნდოდა, რომ მე მომშალოს. სწორედ ამიტომ გეკითხებით, რამეს იზამთ? მინიმუმ 10-ჯერ მისი შეძახილი ხომ გაიგეთ? მე 50-ჯერ გავიგე. რატომ არ ითხოვთ, რომ დაცვამ ის გაიყვანოს?”. მართლაც, ამს შემდეგ, აბეზარ გულშემატკივარსა და მის მეგობრებს ადგილები დაატოვებინეს.

ჯოკოვიჩის მითითებით, მთვრალი ფანები ტრიბუნებიდან გააძევეს

სათქმელია ისიც, რომ მატჩის მიმდინარეობისას სამედიცინო შესვენება ორივე ჩოგბურთელმა აიღო. ცხადია, უფრო საინტერესო ნოვაკის შემთხვევა იყო. ანგარიში 6:1, 4:5 გახლდათ, როდესაც ნოლემ კორტზე ექიმებს უხმო და მათ რჩევით, გასახდელში გავიდა.

შეგახსენებთ, რომ ჯოკოვიჩმა მარცხენა ბარძაყის ტრავმა ავსტრალიის ღია პირველობის წინ, ადელაიდის ტურნირზე მიიღო. ჯოკოვიჩმა ის შეჯიბრი კი მოიგო, თუმცა, რამდენიმე ვარჯიშის გამოტოვება მოუწია და ახლაც, კორტზე სახვევით იყო გასული.

Australian Open-ის მე-3 წრეში ძალიან საინტერესო დაპირისპირება გველის, რადგანაც ჯოკოვიჩის მეტოქე 27-ე განთესვის მქონე გრიგორი დიმიტროვი (მსოფლიოს ყოფილი მე-3 ჩოგანი) იქნება. ბულგარელი ჩოგბურთელი კარგ ფორმაში იმყოფება და მე-2 მატჩიც ისე მოიგო, რომ სეტიც კი არ დაუთმია. ამჯერად, სერბ ლასლო ჯერესთან – 6:3, 6:2, 6:0.

მელბურნში მორიგი სათამაშო დღე იმითაც იყო საინტერესო, რომ ტურნირს მოულოდნელად გამოეთიშნენ ალექსანდერ ზვერევი, კასპერ რუუდი და ტეილორ ფრიტცი, რომელმაც საწყის რაუნდში ნიკოლოზ ბასილაშვილი დაამარცხა. შედეგად, გამოვიდა, რომ სატურნირო ბადის ქვედა ნაწილში კლასიფიკაციის TOP 20-დან არცერთი მოთამაშე აღარ დარჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები