Thumbnail

ნოვაკ ჯოკოვიჩი: ისეთ მდგომარეობაში ვარ, ღმერთი თუ მიშველის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

35 წლის სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა აღნიშნა, რომ ბარძაყის ტრავმა სერიოზულად აწუხებს. ამდენად გამორიცხული არაა, რომ ავსტრალიის ღია პირველობის 2023 წლის გათამაშება უმთავრესი ფავორიტის გარეშე დარჩეს.

“მართალი გითხრათ, საქმე კარგად ნამდვილად არ არის. ამ ეტაპზე უფრო მეტს ვერ გეტყვით. ახლა, მხოლოდ ღმერთი და ჩემი ფიზიოთერაპევტი თუ დამეხმარებიან. ერთ დღეზე იქით პროგნოზის გაკეთება ძალიან გამიჭირდება. იმედი მაქვს, აღდგენას შევძლებ და მორიგი რთული მატჩისთვის მოვემზადები”.

სერბმა ჩოგბურთელმა დღევანდელი თამაშიც შეაფასა, რომელშიც ფრანგი ენზო კუაკო 6:1, 6:7 (7:5), 6:2, 6:0 დაამარცხა.

სერბ ჩოგბურთელს მარცხენა ბარძაყის ტრავმა მოსვენებას არ აძლევს

“ამ მატჩში ბევრი რამ მოხდა. ენზო შექებას იმსახურებს, რადგანაც ძალიან კარგად გამოიყურებოდა, განსაკუთრებით, მე-2 სეტში. შედეგად, 4 სეტის ჩატარება გახდა საჭირო და სირთულეებთან გამკლავება მომიხდა. ზოგჯერ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც შენ გსურს, თუმცა, ეს ამბავი ჩემთვის ახალი ნამდვილად არაა. საკმარისი გამოცდილება მაქვს იმისთვის, რათა მივხვდე, კონკრეტულ მომენტში რა უნდა გავაკეთო”.

შეგახსენებთ, რომ ჯოკოვიჩმა მარცხენა ბარძაყის ტრავმა ავსტრალიის ღია პირველობის წინ, ადელაიდის ტურნირზე მიიღო. ნოლემ ის შეჯიბრი კი მოიგო, თუმცა, რამდენიმე ვარჯიშის გამოტოვება მოუწია და ახლაც, კორტზე სახვევით იყო გასული, მე-2 სეტში კი ექიმების რჩევით, რამდენიმე წუთით კორტი დატოვა.

Australian Open-ის მე-3 წრეში ძალიან საინტერესო დაპირისპირება გველის, რადგანაც ჯოკოვიჩის მეტოქე 27-ე განთესვის მქონე გრიგორი დიმიტროვი (მსოფლიოს ყოფილი მე-3 ჩოგანი) იქნება. ბულგარელი ჩოგბურთელი კარგ ფორმაში იმყოფება და მე-2 მატჩიც ისე მოიგო, რომ სეტიც კი არ დაუთმია. ამჯერად, სერბ ლასლო ჯერესთან – 6:3, 6:2, 6:0.

კომენტარები

ბოლო ამბები