- ბოლონია 74:64 პანათინაიკოსი
- ქართველმა კალათბურთელმა 16 ქულა, 7 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა
- მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია
თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ ევროლიგის მე-20 ტურში ათენის პანათინაიკოსს უმასპინძლა და 74:64 მოუგო, საქართველოს ნაკრების კაპიტანი კი მატჩის საუკეთესო მოთამაშე (MVP) გახდა.
შენგელია სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და მასპინძელთაგან ყველაზე მეტი – 28:24 წუთი ითამაშა, რა დროშიც 16 ქულა, 2 მოხსნა, 7 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
ქართველმა მძიმე ფორვარდმა 7-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, თორნიკეს სარგებლიანობის კოეფიციენტი 24-ს გაუტოლდა და ის ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო. ისიც სათქმელია, რომ ქართველ ლეგიონერს ევროლიგაში 2 500 ქულიან ზღვარს მხოლოდ 17 ქულა აშორებს.
ბოლონიელებს 12 ქულა და 4 პასი შესძინა მილოშ ტეოდოსიჩმა, ისმაელ ბაკომ 11 ქულა ჩააგდო, იფე ლუნდბერგმა – 9, ხოლო მამ ჯაიტემ 8 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა.
იტალიურმა კლუბმა 9 მოგება და 11 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზე იმყოფება, საპლეიოფო ზონას კი 2 გამარჯვებაღა აშორებს.
ვირტუსი მომდევნო მატჩს 27 იანვარს ჩაატარებს, როდესაც მიუნხენში ბაიერნს შეხვდება. გერმანულ კლუბს ამ დროისთვის 7 მოგება აქვს და მე-14 პოზიციაზეა.
კომენტარები