- ბოსტონ სელტიკსი 121:118 გოლდენ სტეიტ უორიორსი
- სელტიკსმა შთამბეჭდავად დაამტკიცა, რომ ახლა ლიგაში საუკეთესოა
NBA-ს შარშანდელი ფინალისტები დუელი, როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან დაძაბული გამოდგა და ამჯერად ვიცე-ჩემპიონის გამარჯვებით დასრულდა. ბოსტონ სელტიკსმა გოლდენ სტეიტ უორიორსი ოვერტაიმში, 121:118 დაამარცხა.
ბოსტონელთა გამარჯვებაში, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, უდიდესი წვლილი მიუძღვის ჯეისონ ტეიტუმს, რომელმაც შესანიშნავი პერფორმანსი შემოგვთავაზა: 34 ქულასთან (ყველაზე მეტი) და 6 ასისტთან ერთად, 24 წლის ტეიტუმმა 19 მოხსნაც (!) გააკეთა.

2017 წლის პირველი პიკისთვის ეს არა მარტო კარიერის რეკორდს ნიშნავს, არამედ ტეიტუმი გახდა სელტიკსის პირველი კალათბურთელი პოლ პირსის შემდეგ (2002), რომელმაც ერთ მატჩში მინიმუმ 30 ქულა, 15 მოხსნა და 5 ასისტი დააგროვა. თუმცა აქ ისიც აღსანიშნავია, რომ ტეიტუმს გაცილებით მეტი ქულის აღება შეეძლო - მან 27 მცდელობიდან მხოლოდ 9 სროლა ჩააგდო.
გოლდენ სტეიტიდან საუკეთესო სტეფ კარი გახლდათ, რომელმაც 29 ქულა დააგროვა, რაც ბოსტონის დასამარცხებლად საკმარისი არ იყო. საინტერესოა, რომ მოქმედმა ჩემპიონმა ბოლო 7 მატჩიდან 5 წააგო, ბოსტონმა კი მოგებათა სერია გაზარდა, ახლა უკვე ზედიზედ 8 გამარჯვება აქვს და არა მარტო აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს (34 მოგება, 12 მარცხი), არამედ მთელ ლიგაში საუკეთესო გუნდია (დასავლეთის ლიდერ დენვერს 32 მოგება და 13 მარცხი აქვს).
კომენტარები