Thumbnail

სეზონის ბრწყინვალე სტარტის შემდეგ, ინდიანა პეისერსს (23-24) რთული დროება უდგას, ბოლოს ზედიზედ 6 მატჩი დათმო, რაც ძირითადად ტაირიზ ჰალიბერტონის ტრავმითაა გამოწვეული. სწორედ ახალგაზრდა გამთამაშებლის ტრავმამ შეცვალა კლუბის გეგმები ტრეიდ დედლაინთან დაკავშირებით, წერს ცნობილი საიტი ClutchPoints. 9 თებერვლამდე გუნდებს გაცვლების განხორციელების შანსი აქვთ, შემდეგ კი ეს "ფანჯარა" იხურება. 

ClutchPoints წერს, რომ კლუბს 26 წლის ცენტრის, მაილს ტერნერის შენარჩუნება სურდა, ახლა კი გეგმა შესაძლოა, შეიცვალოს. ყოველ შემთხვევაში, გამოცემა მაილსს იმ ოთხეულში მიიჩნევს, რომელთაც აუცილებლად უნდა დატოვონ პეისერსი დედლაინამდე, თუკი საკუთარი კარიერისთვის კარგი სურთ. მაილსის და გოგა ბითაძის გარდა სიაშია აგრეთვე ტი ჯეი მაკონელი და დანიელ ტაისი. 

ClutchPoints გოგა ბითაძეზე

"გოგა ბითაძე უფრო დრაფტის დღის ფოტოთია ცნობილი ზაიონ უილიამსონთან ერთად. ამის შემდეგ მის კარიერაში ერთადერთი ეპიზოდი გაგახსენდებათ, როცა სიტყვიერად დაუპირისპირდა მწვრთნელის ასისტენტს. ახლა, მისთვის NBA-ში მეოთხე სეზონში, გოგა ვერ ახერხებს გუნდში თანმიმდევრული როლის მიღებას. სიტუაცია ინდიანაპოლისში უახლოეს მომავალში მისთვის ნამდვილად არ შეიცვლება. გასაგებია, რომ პეისერსი ცდილობს სხვა გუნდებთან საერთო შეხების წერტილები გამონახოს ბითაძის გაცვლისთვის. შესაძლოა, გოგამ ახალ კლუბში შეძლოს დამტკიცება, რომ ამ ლიგაში დიდხანს თამაშს იმსახურებს". 

რეგრესი მეოთხე სეზონში

გოგა ბითაძემ ამ სეზონში 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ის მოედანზე საშუალოდ 9.6 წუთს ატარებს, რაც წინა ორ სეზონზე ნაკლებია და ოდნავ უსწრებს ბითაძისთვის სადებიუტო სეზონის მონაცემს. გოგა საშუალოდ მხოლოდ 3.3 ქულას, 2.3 მოხსნას და 0.9 პასს აკეთებს. შარშანდელი (ბითაძისთვის ჯერჯერობით, საუკეთესო) სეზონიდან ყველა მიმართულებით რეგრესია - მაშინ გოგა 7.0 ქულას, 3.5 მოხსნას და 1.1 პასს აკეთებდა. 

შეგახსენებთ, რომ გოგა ბითაძე ზაფხულში შეზღუდული თავისუფალი აგენტი გახდება, თუ ინდიანა მას სეზონის ბოლომდე შეინარჩუნებს, თითქმის გამორიცხულია, რომ ზაფხულში პეისერსი მის შენარჩუნებას რაიმე ფორმით ეცდება. გოგა ბითაძე პეისერსმა 2019 წლის დრაფტის მე-18 ნომრად აირჩია. 

კომენტარები

ბოლო ამბები