Thumbnail

იუვეს მსგავსი ვერდიქტი? პროკურატურა ნაპოლის საქმეზე გამოძიებას დაიწყებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

La Repubblica-ს ინფორმაციით, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ნაპოლის საქმეზე. პროკურორი ჯუზეპე კინე ნეაპოლელებს ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას სთხოვს. კინემ ნეაპოლის პროკურატურს უკვე მიმართა აურელიო დე ლაურენტისის საქმის გამოძიების თხოვნით, რადგანაც არსებობს ეჭვი, რომ ნაპოლის პრეზიდენტმა კაპიტალის მოგების მიზნით ტრანსფერში ჩართული ფეხბურთელების ფასები ხელოვნურად გაზარდა.

პროკურატურას ოსიმენის ტრანსფერმა კითხვები გაუჩინა, რადგანაც ნიგერიელის ტრანსფერში 4 შედარებით უცნობი ფეხბურთელი იყო ჩართული, რომელთა ფასებიც საეჭვოდ გაზრდილი იყო: ორესტის კარნეზისი, ახალგაზრდული გუნდის მოთამაშეები კლაუდი მანცი, ჩირო პალმიერი და ლუიჯი ლიგიორი. ლიოგირის ფასი 20-დან 30 მილიონ ევრომდე მერყეობდა. ამ ოთხეულიდან არცერთს არ უთამაშია ლილის შემადგენლობაში და ოთხივემ გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს იტალიის პროკურატურა. შესაძლოა, ნეაპოლელები ზუსტად ისე დაისაჯონ, როგორც ტურინის იუვენტუსი. შეგახსენებთ, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ფედერალურმა სასამართლომ იუვე კაპიტალის მოგებისა და ყალბი ხარჯთაღრიცხვის საქმეში დამნაშავედ სცნო და უმკაცრესი განაჩენი გამოუტანა - ტურინელებს მიმდინარე სეზონში 15 ქულა დააკლდათ და მე-10 ადგილამდე დაქვეითდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები