Thumbnail

საფეხბურთო იტალიაში ისევ დიდი სკანდალია. ტურინის იუვენტუსი პარასკევს დასაჯეს - 15 ქულა დააკლეს და ტურინული გრანდი ცხრილში ძალიან დაქვეითდა. მოგვიანებით კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასჯელი ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლისაც ემუქრება - კერძოდ, ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერის გამო. ეს და გასული უიკენდის სხვა მნიშვნელოვანი ამბები "ორშაბათის საკითხავში".

სერია A | იუვეს შემდეგ ნაპოლისაც დასჯიან?

ხვიჩა კვარაცხელიას ავადმყოფობის გამო სალერნიტანასთან არ უთამაშია, მაგრამ ნაპოლიმ იოლად მოიგო (2:0) და იტალიის ჩემპიონატის პირველი წრე 50 ქულით დაასრულა, რაც სამხრეთიტალიური კლუბისთვის რეკორდია. თუმცა გამორიცხული არ არის, რომ იუვენტუსის შემდეგ სერია A-ში ქულები ნაპოლისაც დააკლონ. La Repubblica-ს ინფორმაციით, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პროკურატურამ გამოძიება ნაპოლის საქმეზეც დაიწყო. პროკურორი ნეაპოლელებს ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას სთხოვს. კინემ ნეაპოლის პროკურატურს უკვე მიმართა აურელიო დე ლაურენტისის საქმის გამოძიების თხოვნით, რადგანაც არსებობს ეჭვი, რომ ნაპოლის პრეზიდენტმა კაპიტალის მოგების მიზნით ტრანსფერში ჩართული ფეხბურთელების ფასები ხელოვნურად გაზარდა.

📋 | ნაპოლისთან დაკავშირებულ საქმეზე ვრცლად წაიკითხეთ აქ.

NBA | ClutchPoints ბითაძეზე: უნდა წავიდეს და დაამტკიცოს!

სეზონის ბრწყინვალე სტარტის შემდეგ, ინდიანა პეისერსს (23-24) რთული დროება უდგას. გოგა ბითაძის გუნდმა ბოლოს ზედიზედ 6 მატჩი დათმო, რაც ძირითადად ტაირიზ ჰალიბერტონის ტრავმითაა გამოწვეული. სწორედ ახალგაზრდა გამთამაშებლის ტრავმამ შეცვალა კლუბის გეგმები ტრეიდ დედლაინთან დაკავშირებით, წერს ცნობილი საიტი ClutchPoints. 9 თებერვლამდე გუნდებს გაცვლების განხორციელების შანსი აქვთ, შემდეგ კი ეს "ფანჯარა" იხურება. "გასაგებია, რომ პეისერსი ცდილობს სხვა გუნდებთან საერთო შეხების წერტილები გამონახოს ბითაძის გაცვლისთვის. შესაძლოა, გოგამ ახალ კლუბში შეძლოს დამტკიცება, რომ ამ ლიგაში დიდხანს თამაშს იმსახურებს," - ვკითხულობთ ClutchPoints-ის სტატიაში.

📋 | რას წერს ClutchPoints ბითაძის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ლეგიონერი | ბუდუ ზივზივაძე პოლონეთში?

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე შესაძლოა, ლუბინის ზაგლებიეში გადავიდეს. პოლონური მედიის ინფორმაციით, კლუბი 28 წლის ქართველ ფეხბურთელებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. უფრო მეტიც, ზაგლებისთვის მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ზივზივაძის ტრანსფერი პრიორიტეტულია.

📋 | ბუდუ ზივზივაძის შესაძლო ტრანსფერის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ.

MMA | ოთარ თანზილოვის ზედიზედ მე-9 მოგება

ქართველი მებრძოლი ოთარ თანზილოვი 4-თვიანი პაუზის შემდეგ ოქტაგონზე დაბრუნდა. ოთარმა ოქტაგონლიგაში იჩხუბა და წაუგებელი სერია გააგრძელა. თანზილოვის მეტოქე უზბეკი ხიკმატილო აბდულაევი იყო. ოთარმა სამი რაუნდის შემდეგ მსაჯების გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.

AUS OPEN | პირველ-მეორე ნომრების გარეშე

გასულ უიკენდზე ავსტრალიის ღია პირველობაზე მორიგი მატჩები გაიმართა, რომელთა შედეგებითაც ცნობილი გახდა, რომ პირველად ისტორიაში, ტურნირის მეოთხედფინალში, არც კაცთა და არც ქალთა ბადეში, პირველ-მეორე ნომრად განთესილი ჩოგბურთელები არ იქნებიან.

📋 | წლის პირველი დიდი სლემის ამბები ვრცლად ნახეთ აქ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები