Thumbnail

'თქვენ გიქომაგებთ' - ჯორჯიის რაგბის კავშირის მხარდაჭერა საქართველოს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ჯორჯიის რაგბის კავშირი მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრებს უქომაგებს
  • მათ განცხადებას საქართველოში ამერიკის საელჩოც შეუერთდა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ამერიკის მორაგბეთა ნაკრებმა 2023 წლის მსოფლიო თასზე გასვლა ვერ მოახერხა. მათ პორტუგალიასთან გადამწყვეტ მატჩში ფრედ 16:16 ითამაშეს და მსოფლიო თასის საგზური ევროპელებს დარჩათ, რომლებსაც საკვალიფიკაციო ჯგუფში გატანილ-გაშვებული ქულების სხვაობა უკეთესი ჰქონდათ.

ჯორჯიის შტატის რაგბის კავშირმა განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ ვინაიდან მსოფლიოს თასზე მათი ნაკრები არ იქნება, 2023 წლის მთავარი სარაგბო მოვლენის დროს საქართველოს უქომაგებენ. აღსანიშნავია, რომ ჯორჯიის შტატის რაგბის კავშირის განცხადება საქართველოში ამერიკის საელჩომაც გაავრცელა.

ჯორჯიის რაგბის კავშირი: იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკის არწივებმა საფრანგეთში 2023 მსოფლიო რაგბის თასზე მონაწილეობის უფლება ვერ მოიპოვეს, ჯორჯიას რაგბის კავშირმა მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:

იმ სიკეთის, მეგობრობის და ჭეშმარიტი სარაგბო დამოკიდებულებისთვის, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირიდან ჩვენმა მეგობრებმა, ასევე მათმა მხარდამჭერებმა გამოიჩინეს ჩვენს მიმართ, აქ, ჯორჯიაში, ჯორჯიის რაგბის კავშირმა გადაწყვიტა რომ მსოფლიო თასზე ჩვენი გუნდი “ლელოები” იქნებიან და მათ როგორც საკუთარ გუნდს, ისე ვუქომაგებთ.

სტივ მეისი (ჯორჯიის რაგბის კავშირის პრეზიდენტი): “ის ზრუნვა, რომელსაც თქვენი ერი იჩენს რაგბისადმი მის საძირკველშივე, ყველაზე ახალგაზრდებიდან დაწყებული, დამთავრებული იმ მოთამაშეებით, რომლებიც ნაკრებს წარმოადგენენ, დიდ პატივისცემას იწვევს. თქვენი მგზნებარება და თავდადება ჩვენი საყვარელი სპორტისადმი, არამხოლოდ განგვაცვიფრებს, არამედ ქედსაც ვიხრით მის წინაშე. სწორედ ასეთი მიდგონა, რომელიც მიმართულია გაზარდო სპორტი ფესვებიდან ხის კენწერომდე, არის ის, რაც თქვენგან ყველა სარაგბო ერმა უნდა ისწავლოს.

ჩვენთვის უსაზღვრო პატივია გიწოდოთ მეგობრები და იმედი გვაქვს, რომ ლელოები და ასევე ჩვენი მეგობრები საქართველოს რაგბის კავშირიდან შესძლებენ გაიგონონ ჩვენი შეძახილები და იგრძნონ ჩვენი მხარდაჭერა ოკეანის გაღმიდან მსოფლიო თასის მიმდინარეობისას,  სტადიონზეც და სახლშიც, - ჯორჯიისგან საქართველოს - მიდით ლელოებო, აბა, თქვენ იცით.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასზე C ჯგუფში იასპარეზებს. ბორჯღალოსნების მეტოქეები ფიჯი, უელსი, ავსტრალია და სწორედ ის პორტუგალია იქნებიან, რომელმაც ტურნირს მიღმა აშშ დატოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები