Thumbnail

ტოჩინოშინი ელიტას ემშვიდობება - მას რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 35 წლის ქართველ სუმოისტს რანგით მე-2 დივიზიონში დააქვეითებენ
  • მან ბოლო ორ წელში 12-დან 10 ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ტოკიოში წლის პირველი სუპერტურნირი ჰაცუ ბაშო დასრულდა (იაპონელმა ტაკაკეიშომ იმპერატორის თასი მესამედ შემართა), რომლის შედეგებითაც ცნობილი გახდა, რომ 35 წლის ქართველი ვეტერანი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონს დაემშვიდობება.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი “რიოგოკუ კოკუგიკანში” მისთვის საიუბილეო მე-100 ტურნირზე გამოდიოდა, თუმცა, ის, მისთვის დანავსული გამოდგა.

ქართველმა სეკიტორიმ უკვე მე-4 საშეჯიბრო დღეს იაპონელ კოტოშოჰოსთან დაპირისპირებისას მხრის ტრავმა მიიღო და მართალია, არსებობდა მცირე იმედი, რომ მომჯობინებას მოასწრებდა, ბაშოზე დაბრუნება ვეღარ მოახერხა.

ვინაიდან ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოზე საკმაოდ დაბალი რანგით (დასავლეთის მე-13 მაეგაშირა) ასპარეზობა, მაშინვე გამოითქვა ვარაუდი, რომ მხოლოდ 2 მოგების ფონზე მას ელიტაში ადგილს აღარავინ შეუნარჩუნებდა.

ტოჩინოშინმა მხარი ჰაცუ ბაშოს მე-4 დღეს იტკინა და დოჰიოზე დაბრუნება ვეღარ მოახერხა

ასეც მოხდა. როგორც TACHIAI წერს, გასული სუპერტურნირის შედეგებით, მაკუუჩი დივიზიონს ემშვიდობებიან და რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში მოუწევთ ასპარეზობა ტოჩინოშინს, იჩინოჯოსა და ოკინოუმის. პირველმა ტრავმამ აზარალა, მეორეს დისკვალიფიკაცია აქვს, მესამე კი საერთოდაც კარიერის დასრულებას აპირებს.

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს ქართველ სუმოისტსაც, რომელიც დაბალ დივიზიონში ბოლოს 2014 წლის შემოდგომაზე გამოდიოდა და ახლა, ყველაფრის თავიდან დაწყება რთული იქნება. მითუმეტეს, რომ ლევანი უკვე ასაკშია და ტრავმებიც ხშირად აწუხებს.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი კასუგანო ბეიას რიკიშია, მისი დებიუტი სუმოში 2006 წლის მარტის ბაშოზე შედგა. როგორც აღვნიშნეთ, ქართველი სუმოისტი ჯამში 100 ბაშოზე (აქ 3 ტრავმის გამო გამოტოვებულიც ითვლება) გამოვიდა, აქედან 80-ჯერ ელიტარულ – მაკუუჩი დივიზიონში.

ტოჩინოშინმა ერთხელ მოიგო უმაღლესი ჯილდო იმპერატორის თასი. ეს 5 წლის წინ მოხდა. 7 ბაშოს განმავლობაში ტოჩინოშინი ოძეკის (ჩემპიონი) რანგში ჭიდაობდა, იმპერატორის თასთან კი კიდევ ოთხჯერ იყო ახლოს (ვიცე-ჩემპიონი). ლევანმა კარიერაში 3-ჯერ მოიგო გინო-შო (ტექნიკური რიკიშის პრიზი), 2-ჯერ – შუკუნ-შო (ბრწყინვალე ასპარეზობის პრიზი), 6-ჯერ – კანტო-შო (მებრძოლი სულის პრიზი), 2-ჯერ კი კინბოშიც (ოქროს ვარსკვლავი იოკოძუნას დამარცხებისთვის) ერგო. 

ლევან გორგაძეს ყველაზე რთული პერიოდი 2013-2014 წლებში ჰქონდა, როცა ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც ზედიზედ 3 ბაშო გამოტოვა და უმაღლესი დივიზიონიდან მესამეში დაქვეითდა, მაგრამ უკვე 4 სუპერტურნირის თავზე შესძლო მაკუუჩიში დაბრუნება (ორჯერ მე-3 დივიზიონი მოიგო, ორჯერ – მეორე დივიზიონი ჯურიო). 2018 წელს ქართველს “ოქროს ხანა” დაუდგა – გამარჯვება იანვრის ბაშოზე და ოძეკის ტიტულის მოპოვება ივლისის ბაშოსთვის. სუმოში მის ანგარიშზე 678 გამარჯვება და 602 მარცხია, თუმცა, კი, ბოლო პერიოდში ძალიან ცუდი შედეგები აქვს: უკანასკნელ ორ წელიწადში 12-დან 10 ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა.

ვთქვათ ისიც, რომ იაპონიის სუმოს ასოციაცია მომდევნო ბანძუკეს (რეიტინგი) 27 თებერვალს გამოაქვეყნებს. შემდეგი ბაშო კი 12-26 მარტს ოსაკაში შედგება.

კომენტარები

ბოლო ამბები