Thumbnail

ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი მიმდინარე სეზონში ნაპოლის მთავარი ვარსკვლავები არიან და ყველაზე ხშირად სწორედ მათზე საუბრობენ.

Spazionapoli-მ ქართველი და ნიგერიელი ფეხბურთელის შესახებ სტატია გამოაქვეყნა, რომელიც მათ შედეგიანობას დაეთმო. კვარა-ოსის დუეტი დიეგო მარადონასა და ანტონიო კარეკას დუეტის შედეგის გაუმჯობესებისკენ მიისწრაფვის, ამისთვის კი წინ მთელი ნახევარი სეზონი აქვთ. სტატიის სათაური ასეთია: "ოსიმენი და კვარაცხელია - ოქროს წყვილი. მიზანი ნაპოლის ისტორიული დუეტის რეკორდია".

აი, რას წერს Spazionapoli:

"ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი დღევანდელი ნაპოლის მთავარი გმირები არიან. სპალეტის გუნდს ჰყავს რამდენიმე საკვანძო კაცი (მერეტი, დი ლორენცო, ლობოტკა და სხვები), მაგრამ შემტევი წყვილი არის ის, ვინც სპორტული გაზეთების პირველ გვერდებზეა.

ნიგერიელი თავდამსხმელის 14 გოლი და 4 საგოლე გადაცემა, ქართველი ვარსკვლავის 9 გოლი და 10 საგოლე პასი - შთამბეჭდავი რიცხვებია ნაპოლის ორი ტალანტისთვის, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს პირველი სეზონია, როცა ისინი ერთად თამაშობენ.

კვარა-ოსის დუეტი გამორჩეულად შედეგიანია

Osi&Kvara-ს წყვილი ძალიან კარგ შედეგებს აფიქსირებს, მიუხედავად ტრავმების გამო გამოტოვებული თამაშებისა: სერია A-ს 19 მატჩიდან მათ ერთად მხოლოდ 11 მატჩში ითამაშეს (4 თამაში გამოტოვა კვარამ და 4 ოსიმ).

მიუხედავად ამისა, შემტევი დუეტი მზად არის ნეაპოლური კლუბის ისტორიაში შესასვლელად. მხოლოდ სერია A-ს გათვალისწინებით, ოსიმენმა და კვარაცხელიამ ჯამში უკვე 20 გოლი გაიტანეს (13 ნიგერიელმა, 7 - ქართველმა).

მათი მიზანია მარადონა და კარეკა, ნაპოლის ისტორიული დუეტი, რომლებმაც საერთო ჯამში 28 გოლი გაიტანეს 1988/89 წლების სეზონში, პირველ სეზონში, როდესაც მათ ერთად ითამაშეს.

2011/2012 სეზონში კავანი-ლავეცის წყვილმა მათთვის პირველ სეზონში 32 გოლი გაიტანა (მათ შორის 26 მატადორმა), თუმცა Osi&Kvara-ს აქამდე ნაჩვენები საშუალო რეალიზაციით ამ რეკორდს დამხობა ემუქრება".

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენი სერია A-ს ბომბარდირთა სიას 13 გოლით ლიდერობს, კვარაცხელიას აქტივში კი მხოლოდ იტალიის ჩემპიონატში 7 გოლია. ნაპოლი უახლოეს მატჩს 29 იანვარს, რომას წინააღმდეგ ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები