Thumbnail
  • საფრანგეთის დედაქალაქში 12 ქართველი ძიუდოისტი გამოვა
  • ტურნირი 4-5 თებერვალს ჩატარდება, მანამდე კი, პორტუგალიური გრან პრია დაგეგმილი

საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები ფაქტობრივად ოპტიმალური შემადგენლობით წარსდგება საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში დაგეგმილ გრანდ სლემზე, რომელიც ძიუდოს სამყაროში ძალიან პრესტიჟულად ითვლება.

ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლაშა გუჯეჯიანის გადაწყეტილებით, ტურნირზე 10 ძიუდოისტი გამოვა. ესენი არიან:

თემურ ნოზაძე (60 კგ.), ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი (ორივე – 66 კგ.), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.), ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე (ორივე – 90 კგ.), ვარლამ ლიპარტელიანი, გიორგი ბერიაშვილი (ორივე – 100 კგ.), საბა ინანეიშვილი (+100 კგ.).

საფრანგეთში დაგეგმილ გრანდ სლემზე საქართველოს ქალთა ნაკრების 2 წევრსაც ვიხილავთ: მარიამ ციხელაშვილსა (57 კგ.) და ელისო სისაურს (70 კგ.).

შარშანდელი ტურნირის ფინალში ლაშა შავდათუაშვილმა იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოს მოუგო

პარიზის გრანდ სლემი 4-5 თებერვალს არის დაგეგმილი და ამ დროისთვის მასზე 80 ქვეყნის 535 ძიუდოისტია დარეგისტრირებული. შარშანდელ ტურნირზე ქართველი ძიუდოისტების მონაგარი 4 მედალი იყო: ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) ჩემპიონი გახდა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) ფინალში დამარცხდა, ხოლო ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ.) და ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ. 

შეგახსენებთ, რომ ძიუდოს ახალი სეზონი სტარტს 27-29 იანვარს პორტუგალიის ქალაქ ალმადაში დაგეგმილი გრან პრით აიღებს, სადაც საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენით წარსდგება. წინასწარ დაანონსებულ შემადგენლობას გამოაკლდა ნიკა ხუზაურაშვილი, ამდენად, განაცხადში შემდეგი ძიუდოისტები დარჩნენ:

გიორგი სარდალაშვილი 60 კგ.), გიორგი თუთაშვილი, იპოლიტე აქუბარდია (ორივე – 66 კგ.), გიორგი ჩიხელიძე, ლუკა კაპანაძე (ორივე – 73 კგ.), ზაურ დვალაშვილი (81 კგ.), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ნიკა ხარაზიშვილი (90 კგ.), ილია სულამანიძე, ერეკლე ბაზიერიშვილი (ორივე – 100 კგ.), საბა ინანეიშვილი, ლევან მატიაშვილი (ორივე +100 კგ.).

კომენტარები

ბოლო ამბები