Thumbnail

იუვენტუსმა იტალიურ ფეხბურთში აგორებული ახალი სკანდალისა და 15 ქულის დაკლების შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა - ბრწყინვალე ფორმაში მყოფ ატალანტას შეხვდა და ქულა მოიპოვა (3:3).

ბევრი ფიქრობს, რომ ეს იუვეს საუკეთესო თამაში იყო მიმდინარე სეზონში - მიუხედავად იმისა, რომ "ბიანკონერიმ" ვერ მოიგო. კმაყოფილი იყო მასიმილიანო ალეგრიც, რომელმაც თავისი შეგირდები შეაქო.

"ბიჭებმა კარგად ითამაშეს, პასუხისმგებლობა და მონდომება აჩვენეს. სამივე გოლზე შეცდომები დავუშვათ, რის გამოც ყველაფერი გართულდა, მაგრამ ბოლო 10 მატჩიდან 8 მოვიგეთ, ერთხელ ფრე ვითამაშეთ და ერთი წავაგეთ. მეორე-მესამე ადგილზე უნდა ვიყოთ და მეათე ადგილზე აღმოვჩნდით, თითქოს წაგვართვეს ის, რაც გავაკეთეთ. ეს თამაში ფსიქოლოგიურად ადვილი არ იყო. უბრალოდ, ბიჭებს მადლობა უნდა გადავუხადოთ. დიდი სიამაყით უნდა გავაგრძელოთ თამაში. კმაყოფილი ვარ გუნდის რეაქციით. მას მერე, რაც ანგარიში 2:3 გახდა, შეიძლებოდა 2:5 წაგვეგო, თუ მენტალურად დავნებდებოდით", - თქვა ალეგრიმ, რომელმაც ინტერვიუს დასაწყისში ადვოკატ მატია გრასანის ირონიულად მიმართა.

DAZN-ს ეთერში მიწვეული ჰყავდა იურისტი, რომელიც ცნობილია, როგორც ნაპოლის გულშემატკივარი და ამავე კლუბის ადვოკატი. ამგვარად, გასაკვირი არაა, რომ გრასანი ბოლო პერიოდში იუვეს შესახებ მძიმე პროგნოზებს აკეთებს. ალეგრიმ კი მასთან დიალოგზე უარი თქვა, უბრალოდ ირონიული კომენტარი გააკეთა: "ადვოკატო, მშვენიერი ჰალსტუხია, ცისფერი ჰალსტუხი".

ალეგრიმ ნაპოლის ადვოკატს ირონიულად შეახსენა, რომ იუვენტუსზე ის არ უნდა საუბრობდეს

გრასანის ცისფერი ჰალსტუხი ეკეთა, ეს ფერი კი მოგეხსენებათ, ნაპოლისთან ასოცირდება. ამიტომაც, ალეგრიმ სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება. საინტერესოა, რომ ამის შემდეგ იტალიელი ადვოკატი ტელეკომპანია Rai-ს ეთერში ჩაერთო, სადაც უკვე სხვა ფერის ჰალსტუხი ეკეთა...

ატალანტასთან მატჩის შემდეგ ანხელ დი მარიამ და მანუელ ლოკატელიმაც ისაუბრეს. "მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე შეცდომა დავუშვით, შესანიშნავად ვითამაშეთ. არ არის ადვილი, მოულოდნელად სატურნირო ცხრილში 22 ქულით აღმოჩნდე, მაგრამ მუშაობით შეგვიძლია რაღაც ძალიან კარგი გავაკეთოთ. შეუძლებელი არაფერია! ჩვენ დიდი კლუბი ვართ, შესანიშნავი მოთამაშეებით, გამარჯვებულის მენტალიტეტით, რაც საშუალებას მოგვცემს, მეოთხე ადგილისთვის ბრძოლაში ჩავერთოთ. იუვეში კლუბისთვის ყველაზე ცუდ მომენტში მოვხვდი, მაგრამ ბედნიერი ვარ, რადგან დიდებული კლუბია. ძლიერები და ერთიანები უნდა ვიყოთ. მომავალი? გადაწყვეტილებას ჩემს ოჯახთან ერთად მივიღებ, მათი ბედნიერება ჩემთვის პრიორიტეტია. ჩვენ ყველანი ბედნიერები ვართ აქ, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კლუბში". - განაცხადა დი მარიამ.

დი მარიამ ატალანტასთან ბრწყინვალედ ითამაშა

"შექმნილი სიტუაცია ჩვენზე ცუდად მოქმედებს, ამის დამალვას აზრი არ აქვს. უბრალოდ, მოედნიდან უნდა ვუპასუხოთ, პატივი ვცეთ გულშემატკივრებს, მეტს ვერაფერს გავაკეთებთ. ახლა კიდევ უფრო გავერთიანდებით და ყველაფერი უნდა გავიღოთ, მხოლოდ ამის გაკეთება შეგვიძლია". - ეს ლოკატელის სიტყვებია.

სკანდალზე და კლუბის დაცვაზე ისაუბრა იუვეს ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა მაურიციო სკანავინომ, რომელმაც სასამართლოს გადაწყვეტილებას უსამართლო უწოდა: "პირველ რიგში, მინდა გამოვეყოთ ფსევდოგულშემატკივრებს, რომლებიც სოციალური ქსელით ფედერაციის პრეზიდენტ გრავინას და პროკურორ კინეს, ასევე მათ ოჯახებს დაემუქრნენ. ჩვენ ყოველთვის დავიცავთ გუნდს, მაგრამ პატივისცემით. ეს სასჯელი უსამართლოა, ველოდებით ამ გადაწყვეტილების მოტივებს, თუმცა სააპელაციო სასამართლოს აუცილებლად მივმართავთ. ჩვენი პოზიციები მყარი და მკაფიოა. ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. ამ გადაწყვეტილებამ გვიჩვენა, რომ აზრი არ აქვს იყო ოპტიმისტი ან პესიმისტი. დღეს ასეთ სიტუაციაში ჩვენ ვართ, მაგრამ ხვალ შეიძლება სხვა კლუბი იყოს".

შეგახსენებთ, რომ იუვენტუსს კაპიტალის ხელოვნური ზრდის გამო სატურნირო ცხრილში 15 ქულა დააკლეს. ტურინული კლუბი გადაწყვეტილებას CONI-ს საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრებს. აღსანიშნავია, რომ ტურინული კლუბის შესახებ თებერვალსა და მარტში კიდევ ორი სასამართლო განხილვაა ჩანიშნული.

კომენტარები

ბოლო ამბები