Thumbnail

'მსოფლიო დონის მსაჯივით მოიქცა' - რატომ ჩათვალა ლელო ამაშუკელმა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი რეფერი ყურადღების ცენტრში ჰარლიქვინსისა და შარქსის მატჩისას მოექცა
  • ვიდეოგანხილვისას გამოჩნდა, რომ ნიკა ამაშუკელმა მართებული გადაწყვეტილება მიიღო

რაგბის ქართველმა არბიტრმა ნიკა ამაშუკელმა გასულ უქმეებზე ჩემპიონთა ლიგაში ინგლისური ჰარლიქვინსისა და სამხრეთაფრიკული შარქსის მატჩი განსაჯა და ერთ ეპიზოდში განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა.

მომენტი, რომელმაც სარაგბო სამყაროში დიდი კამათი გამოიწვია, პირველი ტაიმის მიწურულს ვიხილეთ. ბურთს ინგლისელები აკონტროლებდნენ, როდესაც სამხრეთ აფრიკის ნაკრების მეორეხაზელმა ებენ ეტზებეტმა თითქოს ბურთი ოფსაიდიდან აიტაცა და ბოლომდე ირბინა, ქართველმა რეფერიმ კი ლელო ჩათვალა.


ამ ეპიზოდს ჰარლიქვინსის მორაგბეებისა და ქომაგების უკმაყოფილება მოჰყვა, თუმცა, ვიდეოგანხილვისას გამოჩნდა, რომ ამაშუკელმა აბსოლუტურად მართებული გადაწყვეტილება მიიღო და მსოფლიო დონის არბიტრებისთვის თანმდევი კლასი გამოავლინა. ამაზე პოპულარული სარაგბო ვებ-გვერდი Planet Rugby წერს:

“იმ ქომაგებს, რომელთაც უსაშველოდ დაგრძელებული რაქი ძალიან აღიზიანებთ, უნდა ვუთხრათ, რომ რეფერი ნიკა ამაშუკელიც მათ აზრზეა. განხილისთვის საინტერესო ამბავი ინგლისში გამართული მატჩის პირველი ტაიმის ბოლოსკენ მოხდა. დენი ქეარმა ტრადიციულად გრძელი რაქის მოწყობა განიზრახა, ბოლო კაცი კი ჯო მარლერი იყო, თუმცა, მალევე მან წინ მდგომ თანაგუნდელს მხარი მოაცილა და მხოლოდ ხელი ჰქონდა მიდებული, ამ დროს კი, ბურთი უკვე გამოსულად ითვლებოდა.

ებენ ეტზებეტს სიტუაციაში გასარკვევად დიდი დრო არ დასჭირვებია. შეატყო რა, რომ მარლერი რაქის ნაწილად აღარ ითვლებოდა, მან წამში მიიღო დასტური მსაჯისგან, გაოცებულ ქეარს ბურთი ააცალა და ლელოსკენ გაიქცა. შესაძლოა, იმ დროს ეჭვი ბევრს გაუჩნდა და ტრიბუნებზეც აშკარად სხვა აზრზე იყვნენ, თუმცა, სრულიად ლეგალური ლელო იყო. ამაშუკელმა ეს გამოწვევა კარგად მიიღო და მეტად თამამი გადაწყვეტილება დააფიქსირა. ის ისე მოიქცა, როგორც უმაღლესი დონის რაგბის მსაჯებს შეშვენით და საერთო ჯამში, მორიგი სოლიდური პრეფორმანსი ჰქონდა”.

ნიკა ამაშუკელმა შარქსის ლელო სრულიად სამართლიანად ჩათვალა

შეგახსენებთ, რომ ნიკა ამაშუკელს სულ უფრო ხშირად ანდობენ მნიშვნელოვან მატჩებს და უკვე არაერთი გრანდის თამაში უმსაჯია. ქართველი რეფერისთვის მორიგი გამოწვევა მოახლოებული 6 ერის მატჩი იქნება საფრანგეთსა და შოტლანდიას შორის, რომელიც 26 თებერვალს არის დაგეგმილი. წლეულს ნიკას მთავარი მიზანი იმ 19 არბიტრს შორის მოხვედრა იქნება, რომლებიც 2023 წლის მსოფლიო თასის თამაშებს მოემსახურებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები