Thumbnail

ნოვაკ ჯოკოვიჩი: რატომღაც მხოლოდ ჩემი ტრავმები დგება ეჭვქვეშ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა უკმაყოფილება გამოთქვა იმ სიტუაციის გამო, რომელიც ბოლო პერიოდში მის გარშემო შეიქმნა. ნოლეს ტრავმის სიმულირება ბრალდება როგორც 2021 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე, ასევე წლევანდელ ტურნირზე.

ცნობისთვის, 2 წლის წინ ჯოკოვიჩმა ჩემპიონობა მუცლის გაწყვეტილი კუნთით იზეიმა, ამჯერად კი, ბარძაყის ტრავმა აწუხებს, თუმცა, კორტზე მაინც დიდებულად გამოიყურება. შექმნილი სიტუაციის შესახებ ნოვაკმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:

ნოვაკ ჯოკოვიჩი: “ვისაც ეჭვი ეპარება, შეუძლია, ასე გააგრძელოს. რატომღაც მხოლოდ ჩემი ტრავმები დგება ეჭვქვეშ. როდესაც ტრავმებს სხვები იღებენ, ისინი მსხვერპლები არიან, ხოლო თუ საუბარი ჩემზეა, სიმულანტობას მაბრალებენ. ეს ძალიან საინტერესოა... არ ვთვლი, რომ ვინმესთვის რაიმეს დამტკიცება მჭირდება. ყველანაირი ფოტოები მაქვს, მათ შორის, მაგნიტო-რეზონანსული კვლევის შედეგები, როგორც 2021 წლის, ასევე – მიმდინარე. ამას დოკუმენტურ ფილმად გაჩვენებთ თუ სოციალურ ქსელში განვათავსებ, იმაზეა დამოკიდებული, როგორ განწყობაზე ვიქნები. შეიძლება, კი, შეიძლება – არა. ამჟამად სრულიად არ მაინტერესებს, რას ფიქრობენ და ლაპარაკობენ სხვები. მართლაც სახალისოა იმაზე დაკვირვება როდესაც ჩემზე ისე არ საუბრობენ, როგორც სხვა ჩოგბურთელებზე, რომლებმაც იგივე პრობლემები გადაიტანეს. თუმცა, ამას მიჩვეული ვარ და პირიქით, დამატებით ძალასა და მოტივაციას მაძლევს. ასე რომ, ამ ადამიანების მადლიერიც კი ვარ”.

შეგახსენებთ, რომ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობაზე 4 მატჩი მოიგო და მეტოქეებს მხოლოდ 1 გეიმი დაუთმო. დღეს, მერვედფინალში, ნოვაკმა ავსტრალიელი ალექს დე მინორი 6:2, 6:1, 6:2 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც რუს ანდრეი რუბლიოვს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები