- ჯურიოს დივიზიონში ტოჩინოშინს შესაძლოა, კარგად ნაცნობი მეტოქე ჰყავდეს
- ტოჩინოშინი ელიტას ემშვიდობება - მას რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს
წლის პირველი სუპერტურნირი, იანვრის ბაშო დასრულებულია. რიგით მე-100 ბაშო უიღბლო გამოდგა ყოფილი ოძეკი ტოჩინოშინისთვის (ლევან გორგაძე), მან მე-4 დღეს ტრავმა მიიღო და 2-3-10 ბალანსით რანგით მეორე ჯურიოს დივიზიონში დაქვეითება მოუწევს.

ლევან გორგაძე კარიერაში მეორედ დაქვეითდა ჯურიოში, პირველად ეს 2013 წელს ძალზე სერიოზული ტრავმის გამო მოხდა, მაშინ მან ორი ტურნირი ჯურიოშიც გამოტოვა და სულაც მესამე დივიზიონში გავარდა, მაგრამ შემდეგ ტრიუმფულად დაბრუნდა და ჯერ იმპერატორის თასი მოიგო, შემდეგ ოძეკის რანგშიც იჭიდავა.
ტოჩინოშინს ამ დივიზიონში სულ 6 ტურნირზე უასპარეზია - აქედან სამჯერ ჯურიოს ჩემპიონი გახდა, ერთხელ კი 9-6 ბალანსით კარიერაში პირველად გადავიდა უმაღლეს, მაკუუჩი დივიზიონში (ორ ტურნირზე უკვე დავწერეთ - ტრავმის გამო გამოტოვა). 2014 წელს ტოჩინოშინმა ჯურიო სულაც 15-0 ბალანსით მოიგო!
დიდი ალბათობით, ქართველი რიკიში სადღაც ჯურიოს მე-3 ნომერი იქნება. ეს კი შანსს იძლევა, რომ მან კარიერის დასრულებაზე არ იფიქროს, რადგან დიდი ალბათობით, უკან დასაბრუნებლად მინიმალური სხვაობით მოგებაც კი (8-7) შესაძლოა, ეყოს.

ლევანს სამოტივაციოდ კიდევ ერთი რამ რჩება - ჯურიოს დივიზიონი 14-1 ბალანსით ყოფილმა ოძეკი ასანოიამამ მოიგო, მაგრამ სპეციალისტების აზრით, დიდი ალბათობით (90%), მას ეს შედეგი უმაღლესში ამოსასვლელად არ ეყოფა და ის ჯურიოს პირველი ნომერი გახდება. ტოჩინოშინისა და ასანოიამას დაპირისპირება კი ძველ სკანდალს გაგვახსენებს.
2019 წლის მაისის ბაშოზე ტურნირის მე-13 დღეს ტოჩინოშინი სეკივაკეს რანგში შეხვდა, მაშინ რიგით მაეგაშირა ასანოიამას, რომელსაც დიდ მომავალს უსახავდნენ. გამარჯვების შემთხვევაში, ტოჩინოშინი მეტოქეს მოგებებით დაეწეოდა და ოძეკის ტიტულის დაბრუნებას ინაღდებდა. თავიდან ქართველ სუმოისტს გამარჯვება ჩაუთვალეს, მაგრამ 6-წუთიანი მსჯელობის შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალეს. ბაშოს შემდეგ სუმოს ასოციაციის დირექტორთა საბჭომ აღიარა, რომ აქ მსაჯებმა შეცდომა დაუშვეს. ტოჩინოშინმა 10-5 ბალანსით ოძეკის ტიტული მაინც დაიბრუნა, მაგრამ ამ მარცხით იმპერატორის თასისთვის ბრძოლას ჩამოშორდა.
მას შემდეგ თითქმის 4 წელიწადი გავიდა, ამ ორ სუმოისტს ჯამში 7 ურთიერთშეხვედრა დაუგროვა (5:2 იაპონელის სასარგებლოდ). რაც შეეხება ასანოიამას, ის ოძეკი გახდა, მაგრამ შემდეგ პანდემიისას ოძეკი 10-ჯერ შეამჩნიეს კირიამაში (ღამის კლუბისა და კაბარე კლუბის იაპონური ნაზავი), მაშინ, როცა სუმოისტებს კატეგორიულად ჰქონდათ აკრძალული კლუბიდან გასვლა. შედეგად, მას 6 ბაშოზე აუკრძალეს გამოსვლა და ასანოიამა ძალზე დაქვეითდა (მე-4 დივიზიონში გავარდა), მაგრამ ახლა ტრიუმფით უკან ბრუნდება, ჯერ მხოლოდ 28 წლის არის და კვლავ აქვს იმედი, რომ ისევ საუკეთესო გახდება.
კომენტარები